სახელმწიფო ინვალიდად არ სცნობს ადამიანს, რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია

სახელმწიფო ინვალიდად არ სცნობს ადამიანს, რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

რუსთავში ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებ ციცო ასანიშვილს გადაადგილებაში მეზობლები ეხმარებიან. ის, სადარბაზოს შესასვლელთან მზესუმზირას ყიდის. დილით მეზობელებს ჩაჰყავთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე სახლში ასაყვანად აკითხავენ.

 

ქალბატონ ციცოს,  მენჯ-ბარძაყის ძვლის ტრავმა აქვს. პენსიის აღდგენისთვის საავადმყოფოში მისულს კი უთხრეს, რომ ახალი კანონის თანახმად, ინვალიდობის პენსიის მისაღებად, მინიმუმ მენჯ-ბარძაყის ძვლის მე-4 ხარისხის დაზიანება უნდა ჰქონდეს.

 

”15 სანტიმეტრით მაქვს გაბზარული მენჯ-ბარძაყის  ძვალი. დაბადებიდან გადაადგილების პრობლემა მაქვს. მდგომარეობა მშობიარობამ გამირთულა.  მარცხენა მენჯის  ძვალზე მაქვს ტრავმა, მაგრამ  ექიმებმა მითხრეს, რომ ეს არ არის მე-4 ხარისხის. სწორედ, ამის გამო არ მინიშნავენ პენსიას.

 

მესმის, რომ კანონში ასე სწერია, მაგრამ მე ხომ ვერ დავდივარ და რა მნიშვნელობა აქვს რომელი ხარისხისაა ტრავმა?! ამასთან ერთად მარცხენა ფეხზე ტრომბი და საშინელი ტკივილები მაქვს. მენჯის და ფეხების პრობლემამ ხერხემალიც დამიზიანა. ჩემი მეზობლები, რომ არა სახლიდან ვერც გამოვალ.

  

თავიდან მქონდა პენსია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  მუდმივი არ იყო. შეწყვეტის შემდეგ კი მეუბნებია, რომ ახალი კანონი არის შექმნილი და მის თანახმად ჩემნაირებს პენსია არ ეკუთვნით. რუსთავის საავადმყოფოს ექიმებმაც ასე თქვეს. იგივე გამიმეორეს  ღუდუშაურშიც”, – ამბობს რუსთაველი ციცო ასანიშვილი.

  

მიუხედავად იმისა, რომ ასანიშვილი წელს სოციალურად დაუცველთა სიაში მოხვდა, მიღებული სამედიცინო პოლუსი მას ჯანმრთელობის პრობლემის ვერაფრით შველის.

 

“ასანიშვილი იყო ჩვენთან მოსული, მაგრამ სამწუხაროდ, მისი დიაგნოზით ახალი სტანდარტების მიხედვით პენსია არ ინიშნება. გარწმუნებით, მასზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც მოსულან ჩვენთან. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ნამდვილად ხელით შემომიყვანეს ორ ინფაქტგადატანილი კაცი, მაგრამ მისი დაავადების დიაგნოზი პენსიის დანიშნვის საშუალებას არ გვაძლევდა”, -  საუბრობს რუსთავის N1 პოლიკლინიკის ხელმძღვანელი თამარ შველიძე.

ახალი სტანდარტები რაზეც შველიძე საუბრობს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N61 ბრძანებაშია ასახული. აღნიშნულ დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაცაა - “შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ -  საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ცვლილებების შეტანის შესახებ’’  2008 წელს მიიღეს.

 

ამ ბრძანებაში არის ყველა სახის დაავადების ჩამონათვალი, რაზეც ინვალიდობის სტატუსი და შესაბამისად პენსია ინიშნება. მოთხოვნები შეცლილი და გამკაცრებულია. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ჩვენ რესპოდენს ქალბატონ ციცო ასანიშვილს, იმისთვის რომ სახელმწიფომ ის ინვალიდად სცნოს – შემდეგი სირთულის ტრავმები უნდა ჰქონდეს: 

,,ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის  მე-3 ან მე-4 ხარისხის კოკსართროზი (დეფორმაცია), გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვით. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ენიჭება 5 წლის დაკვირების შემდეგ’’.

 

ამ ბრძანების თანხმად, არის მეორე მდგომარეობა, როდესაც მენჯ-ბარძაყის პრობლემას მქონეს ენიჭება ინვალიდობის სტატუსი: ,,ქვედა კიდურების მსხვილი სახსრის ენდოპროტეზი’’ – ვკითხულობ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N61 ბრძანებაში. ციცო ასანიშვილს არ აქვს ორივე მენჯის პროტეზი, შესაბამისად ის ამ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს. 

 

ამ ბრძანებით ათასობით ლარი დაზოგა საქართველოს მთავრობამ. ეკონომია კი იმ ადამინის ხარჯზე გაკეთდა,  რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობა შრომის  და თავის  რჩენის საშუალებას არ აძლევთ. მათ მიმართ პასუხისმგებლობას სახელმწიფო არ იღებს. ალბათ, ნულოვანი  ტოლერანტობა კრიმინალებთან და ქურდებთან ერთად ამ კატეგორიის ადამიანებზეც ვრცელდება.