მსხვილი ჰესების გარეშე ენერგოკრიზისი გარდაუვალია?

მსხვილი ჰესების გარეშე ენერგოკრიზისი გარდაუვალია?

ენერგეტიკაში ვითარება თანდათან დრამატული ხდება, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი წლიდან წლამდე სწრაფად მატულობს. ამიტომ ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღის წესრიგში დგება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობა, რადგან ეს არის საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია ენერგეტიკის დარგის განვითარება.

„ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი უკვე ვითარდება, პირველ რიგში, „ნამახვანი“. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას. ასევეა „ნენსკრაჰესი“, ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები, ახალი კონტრაქტორის შერჩევა ხდება. რაც შეეხება სხვა მსხვილ სადგურებს, „ხუდონის“ მშენებლობაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ მოვახერხოთ იმგვარად, რომ ნაკლები სოციალური პრობლემა და გარემოსდაცვითი რისკი იყოს. ზოგადად, წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ენერგეტიკის სექტორში რომ სერიოზული პრობლემებია, ადასტურებს დეპუტატი რევაზ არველაძეც. მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა ადრეც არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა.

„ენერგეტიკა წინმსწრები ტემპით უნდა ვითარდებოდეს, რათა ეკონომიკის განვითარება დამამუხრუჭებელი არ გახდეს. დღეს იმდენად სერიოზული პრობლემებია ენერგეტიკაში, რომ წინმსწრები ტემპებით კი არა, ელექტროენერგიის მოხმარების ტემპებსაც ვერ მიჰყვება ენერგიის წარმოების ტემპი. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც არის ქვეყნის ხერხემალი, რადგან ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც ერთი დარგი ვერ იარსებებს“,- ასე შეაფასა ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის სექტორში შექმნილი ვითარება არველაძემ.

ფაქტია, რომ ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის საქართველოში ჰესების არსებობა აუცილებელია. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ჰესების მშენებლობა ეკონომიკურად გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს, ვიდრე ეკოლოგიური ზარალი, მაშინ, ბუნებრივია, ელექტროსადგურები უნდა აშენდეს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ახლა ქვეყანაში ჰესების მშენებლობის აუცილებლობა დგას, რადგან, შესაძლოა, ელექტროენერგიის მომარაგების საკითხში, სერიოზული პრობლემები შეგვექმნას, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

„თუ ჩვენი გენერაცია სასწრაფოდ არ გავზარდეთ, ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. სამ ვარიანტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი - ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ელექტოენერგია მოპოვება, ანუ დღეისთვის ენერგიის ყიდვის საშუალება გვაქვს. მეორე - სამეზობლოში ენერგიის ფასი არ არის კატასტროფულად მაღალი. ამიტომ მისი ყიდვა შეგვიძლია და გარდა ამისა, ცოტა ხანში, შესაძლოა, ასეთი რამ მოხდეს - ფული, რომც ბევრი გვქონდეს, ენერგია აღარ იშოვებოდეს და შესაბამისად, ვეღარც ვიყიდოთ“, - აღნიშნა გია არაბიძემ.

საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესებას ადასტურებს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლება. „კომერასნტის“ მიერ მოძიებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

2013 წელს ენერგეტიკაში განხორციელდა 246 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 2014 წელს - 190 მილიონი დოლარის, 2015 წელს - 123 მილიონი დოლარი, 2016 წელს - 145 მილიონი დოლარი, 2017 წელს - 280 მილიონი დოლარი, 2018 წელს - 120 მილიონი დოლარი.

 

tngh ის. რომ ენერგორესურსების გაზრდის გარეშე კრიზისი გარდაუვალია, ყველა გონიერი ადამიანი აცნობიერებს... გარდა მოსყიდული "მეგრანტეებისა", "დილეტანტ-პოპულისტებისა" და თვითმარქვია ექსპერტებისა.
5 წლის უკან