ტელეკომპანია „რუსთავი 2“– ის საკუთრება ისევ დავის საფუძველი ხდება. ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“–ის 60 %–ს ყადაღა დაადო. 60%–იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დვალმა, აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.
დვალს და აქიმიძეს ამ საქმეში ადვოკატირებას კახა კოჟორიძე უწევს, რომელიც მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ ერთ–ერთი წევრია. კოჟორიძე აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი არის თუ არა ფორმალურად გამართული და მტკიცებულებები და მოთხოვნები შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
„ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღების შესახებ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული. ანუ, სარჩელი წარმოებაში მიიღო სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ განხილვაზე ვერ გვეტყვიან უარს. სასამართლო მოისმენს ჩვენს და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს.
მეორე ამბავი, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ სარჩელშივე გვქონდა დაყენებული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ რადგანაც ვდავობთ 60% წილზე, ამ 60 % წილს ყადაღა დადებოდა, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშს ეს გაეყიდა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და „რუსთავი 2“–ის 60 % წილს ყადაღა დაედო“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
„რუსთავი 2“–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ მთელი ბრძოლა ახლა იწყება, რომლის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია დავის დასრულებამდე არ მოხდეს წილების გასხვისება.
„ერთ–ერთი ყველაზე პრობლემატური და მოსალოდნელი, რაც იყო სასამართლოს მხრიდან, არის ის, რომ გაგვირთულებდა, ხანდაზმულობას დააბრალებდა და სარჩელს წარმოებაში არ მიიღებდა. რადგანაც სარჩელი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხი მოხსნილია და უნდა გადავიდეთ არსებით განხილვაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ჩვენს ადვოკატს დავუჯერებთ, გაცილებით უფრო მარტივად და მომგებიანად არის ჩვენი საქმე.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა წილის დაყადაღების თაობაზე. ქიბარ ხალვაშმა დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოაცხადა, რომ სურვილი აქვს გაყიდოს წილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავა არ დასრულდება, არ მოხდეს წილების გასხვისება. შესაბამისად, ჩვენთვის დადებითია, რომ ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია“, – ამბობს დავით დვალი.
როგორი იქნება სასამართლოს ვერდიქტი, დავით დვალს ამაზე საუბარი უჭირს, ამბობს, რომ რთულია საუბარი იმაზე, რომ გამარჯვება მათ მხარესაა, თუმცა მიაჩნია, რომ უკვე დიდი გამარჯვებაა, რომ სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელევიზიის 60%–იანი წილის დაყადაღების გამო, არხის მუშაობას პრობლემები არ შეექმნება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხზე სასამართლო დავას იწყებს „რუსთავი 2“–ის 100%–იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში. როგორც სალია აცხადებს, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ამ საკითხზე.
„ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ჰქონდათ დიდი დრო, ხანდაზმულობის ვადებში მიემართათ სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენებთ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პოზიციას და სასამართლომ ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს.
ჩვენი აზრით, არსებობს სრული საფუძველი, გაიზიაროს სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ ეტაპზე ეს არის ერთ–ერთი არგუმენტი. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სარჩელს, შესაძლოა, გაჩნდეს სხვა არგუმენტებიც, რატომ მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს შესთავაზა „რუსთავი 2“–ის 40%–იანი წილი, თუმცა ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ ამ წინადადებაზე უარს ამბობენ. მიზეზად ის დაასახელა, რომ ვერ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი.
როგორც ცნობილია ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ „რუსთავი 2“–თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%–საც დაუთმობდა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ხალვაშმა გადაწყვეტილება შეცვალა და მხოლოდ 40%–იანი წილის შეთავაზება გაახმაურა.
„რუსთვი 2“–ის გარშემო დაწყებულ დავაში პოლიტიკურ ნაწილს ხედავს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, ძალიან საინტერესო ისტორიაა, როგორ მოხდა შევარდნაძის დროს სწორედ აქიმიძის, დვალის და კიწმარიშვილის ხელში ამ ტელეკომპანიის 100%–ის გადაფორმება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორ წაართვეს ეს ტელევიზია თავის დროზე უნივერსიტეტის პრეს–კლუბს, ანუ რეალურ მფლობელს.
„ეს ძალიან საინტერესო ისტორია არის და არავის არ ახსოვს. უსამართლობა დაიწყო ამ ნაწილიდან. ტელევიზიის ერთ–ერთი მეწილე დღესაც ამერიკაშია. პირველი და სერიოზული უსამართლობა რაც იყო ჩადენილი, ეს იყო უნივერსისტეტის პრეს–კლუბისთვის არხის წართმევა, რომელმაც ყველა ინსტანციის სასამართლო მოიგო. შემდეგ შევარდნაძის პირადი გადაწყვეტილებით, - მაშინ ამ პროცესების თავში იყო ზურაბ ჟვანია, - მათთვის კოჭი რომ გაეგორებინა, მაშინდელ უზენაეს სასამართლოს მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის პრეს–კლუბისთვის წაერთმიათ ტელევიზია. ეს ტელევიზია გახდა ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეს დაიწყო დვალმა–აქიმიძემ და კიწმარიშვილმა, ხოლო შემდეგ გააგრძელა ხალვაშმა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება ახლა მიმდინარე პროცესებს, ზარდიაშვილი ამბობს, რომ დავის დაწყებას პოლიტიკური სუნი უდის, რომლის შეფასებით, თავის დროზე „რუსთავი 2“ აქიმიძე–დვალი–კიწმარიშვილის ხელში გამოყენებული იყო პოლიტიკური შანტაჟის იარაღად.
„ვარდების რევოლუციამდე, შემდეგაც და მერე თითქოს წაართვეს მათ ეს ტელევიაზია. ახლა, რა თქმა უნდა, ამაში სიმართლის მარცვალი არის. ქიბარ ხალვაშსაც ეს ტელევიზია კანონერი გზით არ ჩაუვარდა ხელში და ეს აშკარაა. მაგრამ ყველაფერს თავისი ვადა და დროს აქვს. ძნელი სათქმელია აქიმიძის და დვალის ხელში ეს ტელევიზია რას მოემსახურება.
მაგრამ აქ მთავარი იურიდიული ნიუანსი არის ის, რომ გასულია ხანდაზმულობის ვადა, ამიტომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ „რუსთავი 2“ როგორც კი გახდა აქიმიძე–დვალი–კიწმარიშვილის, სწორედ იქიდან დაიწყო ეს უსამართლობის კასკადი. ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ხალვაშს მიუღია სამართლიანად ეს ტელევიზია, მაგრამ უსამართლობის კასკადი დაიწყეს აქიმიძე–დვალმა და კიწმარიშვილმა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ დავის დაწყებას აქვს საფუძველი, იმიტომ, რომ არის ვერსიები რომლის მიხედვით, რაღაცა თანხის სანაცვლოდ აქიძიმიძე და დვალი დაითანხმეს იმაზე, რომ დაეთმოთ თავისი წილები.
„შეიძლება არ არის ზუსტი ინფრომაცია, მაგრამ დვალი ამბობს, რომ ძალადობა იყო მთელი ამ გარიგების საფუძველიო. მაგრამ იურიდიულად ამ ძალადობის იქეთ დგას თანხმობა, თუკი ეს თანხმობა სასამართლომ აღიარა როგორც თანხმობა და აღარ გაუწია ანაგარიში იმას, იყო თუ არა ძალადობა, იმიტომ, რომ ამასაც დამტკიცება უნდა, მაშინ დვალი–აქიმიძეს ბრძოლა უპრესპექტივოა. თუ მიიჩნევენ, რომ ძალადობა იყო, მაშინ უნდა დაამტკიცონ, რაც მგონია, რომ არ არის ადვილი დასამტკიცებელი.
რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, დვალი და აქიმიძის პოზიაცია ნამდვილად არ იყო პოლიტიიზირებული, არ ჰქონდათ არანაირი პოლიტიკური ორიენტაცია. პირიქით, გაცილებით მიუღებელი იყო მათთვის პოლიტიკური პარტიის მიმართ ორიენტაცია, ვიდრე პირიქით. გაცილებით მიუღებელი იყო მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე სხვა პარტია, რადგან „ნაციონალებმა“ წაართვეს ტელევიზია. ამიტომ თქმა იმისა, რომ ახლა ისინი რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მოქმედებენ, პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც მთავარია, დიდი ხანია აქვთ ეს განზრახვა, რომ დაიბრუნონ ტელევიზია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
„რუსთავი 2“ აქიმიძემ, დვალმა და კიწმარიშვილმა 25 წლის წინ მე და ჩემს მეგობრებს წაგვართვეს, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრი, თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რ2-ის, როგორც ანტიმედიის ფლაგმანის ჩამოყალიბებაში ამ “ტროიკას” მიუძღვის “ღვაწლი” – კიწმარიშვილი, დვალი, აქიმიძე.
“ტვინების გამორეცხვის”, სიცრუის მეთოდოლოგიური ტირაჟირების, შავი პიარის, მედიაბულინგის და ყველა სხვა ევროპული ყვითელი მედიისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედია სახედ იქცა, ამ “დამფუძნებლელი მამების” დამსახურებაა.
მეტიც, სხვისი ქონების თაღლითურად “ახევის” პრაქტიკას ამ ვაჟბატონებმა დაუდეს საფუძველი. პიონერები იყვნენ.
აქ არ ვაპირებ 25 წლის წინანდელი ისტორიის მოყოლას. ყურადღებას მხოლოდ მორალურ ნაწილზე გავამახვილებ:
ამ არარაობებმა, მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს (ტექნოლოგიებზე მერე, უფრო ვრცლად) არხი სადაც ქ. რუსთავიდან სათანამშრომლოდ გადმოვიპატიჟეთ, კლასელობის, კურსელობის და ნათლიმირონის ხათრით.
ამ ისტორიის შემდეგ ამაზრზენია ამათი საუბარი რაიმე სამართლიანობაზე, სინდისზე და ნამუსზე !!!
ესენი მენტალობით ნაცები და (ტოლობის ნიშნით) ყველაფრის მკადრებლები არიან.
Read more at ბმული