პირველი ნაწილი
თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში, როდესაც ტექნოლოგიურმა განვითარებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, ხოლო ტრადიციული სახელმწიფოების გვერდით გაჩნდნენ ისეთი არასახელმწიფო აქტორები, როგორებიც არიან ტრანსნაციონალური კომპანიები და ბანკები, გლობალური მედია და სოციალური ქსელები, ბუნებრივად გააჩინა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატურია თანამედროვე მსოფლიო პროცესების აღწერა კლასიკური გეოპოლიტიკის ცნებებით და რამდენად ხელმძღვანელობენ სახელმწიფოები გეოპოლიტიკურ სკოლებში დამუშავებული სტრატეგიებით.
გეოპოლიტიკის არსი, ძირითადად, არის სივრცის მართვა და კონტროლი, ცხადია, დღეს სივრცის კონტროლი დივერსიფიცირებულია ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიოს მზარდი ურთიერთდამოკიდებულების გამო (კერძოდ, ის აღარ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის ჩარჩოებში). ამის გამო, სივრცის კონტროლი იღებს სრულიად ახალ, ტრანსნაციონალურ და კონცეპტუალურ მართვის ფორმებს, მაგალითად, ფინანსურ-ეკონომიკური, ინფორმაციული ან შერეული კონტროლისა და მართვის სახეს, რასაც ხელს უწყობს ცივილიზაციის მიერ სივრცის ახალი, ციფრულ-ვირტუალური და კოსმოსური განზომილების ათვისების პროცესი.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, სტრატეგიები, რომლებიც ბოლო 150 წლის განმავლობაში იქნა დამუშავებული კლასიკური გეოპოლიტიკის სკოლების მიერ, კვლავ აქტუალურია. არ იცვლება სახელმწიფოთა მიერ კლასიკური გეოპოლიტიკის მიერ დამუშავებული სტრატეგიების გამოყენების პრაქტიკა.
ჰელფორდ მაკინდერის, ალფრედ მეჰენის, ნიკოლას სფაიქმენის და სხვათა მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური სქემების მიხედვით, უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური სახსრები წარიმართება, რომ პრინციპები არ იცვლება, არამედ ხდება მათი ტექნოლოგიური დახვეწა და ადაპტაცია თანამედროვე რეალიებთან. ეს კი დაგვეხმარება შევიმუშავოთ უფრო ადეკვატური ორიენტირები გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში გასარკვევად, რასაც არა მარტო შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირებისათვის. ამასთანავე, ჩვენს მიერ შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ხედვებისა, რომლებიც წარმოადგენენ მეცნიერულ სიახლეს და ჩვენი აზრით, შეიცავენ პრაქტიკული გამოყენების პოტენციალს.
ალბათ არასოდეს ყოფილა კლასიკური გეოპოლიტიკის დებულებები ისეთი აქტუალური, როგორიც ის დღესაა. ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ უცხო და ერთი შეხედვით, უცნაური ტერმინები, როგორებიცაა ჰარტლენდი და რიმლენდი, ტელუროკრატია და თალასოკრატია, ზღვისა და ხმელეთის ცივილიზაცია და განუწყვეტელი ბრძოლა მათ შორის, ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ჰელფორდ მაკინდერი, ალფრედ მეჰენი, ფრიდრიხ რატცელი, კარლ ჰაუსჰოფერი, ზბიგნევ ბზეჟინსკი თუ ჯან პარვულესკუ, ერთგვარ ტერრა ინკოგნიტოდ რჩება დღემდე სათანადო ლიტერატურის ნაკლებობისა და საზოგადოებრივ დისკურსში ცალმხრივი იდეოლოგიური მიდგომების პრევალირების გამო.
კლასიკური გეოპოლიტიკის ფუნდამენტური დებულებების გაცნობიერების გარეშე, დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გაგება და სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირება შეუძლებელია.
რატომ დაიწყო უკრაინის ომი?
რატომ მიმდინარეობს პოლონეთის მილიტარიზაცია და ესკალაცია ბელორუსთან?
რატომ ააფეთქეს ჩრდილოეთის ნაკადი?
რატომ ცდილობენ სამხრეთის ნაკადების აფეთქებას?
რატომ მიიჩნევა გარდაუვლად ჩინეთისა და აშშ-ს ომი?
რატომ შეიქმნა „აუკუსი“ და რატომ მიმდინარეობს რუსულ-ჩინური დაახლოება?
რატომ მიმდინარეობს ესკალაცია ტაივანის გარშემო?
რატომ გახდა ისლამური ტერორიზმის პრობლემა არააქტუალური და რატომ დატოვა აშშ-მ ავღანეთი, ტოვებს სირიას და ერაყს?
რატომ ცდილობენ საქართველოს აქტუალიზაციას უკრაინის ომთან მიმართებაში და რატომ არის ასეთი ისტერიული რეაქცია, მაგალითად, ფრენების აღდგენაზე?
რატომ „დამთავრდა“ COVID-19-ის პანდემია 24 თებერვლიდან, როდესაც პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა?
ამ და სხვა პროცესების გაგება, მათ შორის, ისეთი ცნებების ცოდნის გარეშე, როგორებიცაა „სანიტარული კორდონი“, რომლის ფუნქციის პატივი დღეს საქართველოსაც ერგო, „ანაკონდას რკალი“, რომელიც გულისხმობს ევრაზიის სახელმწიფოების მოგუდვას და მათ შეკეტვას კონტინენტურ სიღრმეებში, მოსკოვი-ბერლინი, მოსკოვი-თეირანი, მოსკოვი- პეკინის ვექტორები და ევრაზიული ინტეგრაცია, სრულიად შეუძლებელს ხდის თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ბევრი სხვა სახის პროცესების ადეკვატურ აღქმას და შეფასებას.
საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციებს შორის განუწყვეტელი ბრძოლის კანონზომიერები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში შენიშნა და თეორიულად განაზოგადა ბრიტანელმა გეოგრაფმა და სამხედრომ ჰელფორდ მაკინდერმა, რომელმაც დაადგინა, რომ არსებობს ზღვის ცივილიზაცია, სადაც ბირთვი ანგლო-საქსური სამყაროა (აშშ, ინგლისი და ა.შ.), დომინანტური იდეოლოგია ლიბერალიზმია, პოლიტიკური სისტემა საპარლამენტო დემოკრატია, ეკონომიკური მოდელი კი კაპიტალიზმი; და მიწის ცივილიზაცია, რომლის პოლუსი რუსეთ-ევრაზიაა, უპირატესი იდეოლოგიაა კონსერვატიზმი და ტრადიციონალიზმი, პოლიტიკური სისტემა არის ავტორიტარიზმი (ან მართვადი დემოკრატია), ხოლო ეკონომიკური მოდელი არის ეტატიზმი (თანამედროვე რუსეთი) ან სოციალიზმი (თანამედროვე ჩინეთი).
ეს თეორია სრულად დადასტურდა საბჭოთა პერიოდში (სოციალისტური ბანაკი სსრკ-ს ბირთვით - მიწა, კაპიტალისტური სამყაროს დაპირისპირება - ზღვა, ნატო) და განსაკუთრებით ცივი ომის ეპოქაში.
ზღვამ დაამარცხა მიწა, შემდეგ კი, უკვე პუტინისა და სი ძინპინის ეპოქაში, მიწამ კვლავ დაიწყო პოზიციების აღდგენა. აღმოსავლეთ ევრაზიაში დაიწყო გლობალური ძალის კონცენტრაცია და „ჰარტლენდის“ მფლობელი რუსეთი „ძალის სესხებას“ ჩინეთისგან ახდენს, რომელმაც ჩაანაცვლა საბჭოთა კავშირი და „ხმელეთის ცივილიზაციის“ პოლუსად პოზიციონირებს.
აქედან გამომდინარე, „სანიტარული კორდონის“ მნიშვნელობა გაფართოვდა და მან მოიცვა მთელი აზია - წყნარი ოკეანის რეგიონიც.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოხდა ატლანტიკური გეოპოლიტიკური სტრატეგიის (ზღვის) მიზანმიმართული განხორციელება. 1991 წლის შემდეგ, მიწა მცირდება (ვარშავის პაქტის დაშლა, სსრკ-ს დაშლა, თავად რუსეთის დაშლის პროცესის დაწყება, რომელიც გამოიკვეთა 90-იან წლებში), ის ჩადის ზღვასთან (აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების გაწევრიანება ნატოში; დსთ-ს რამდენიმე ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებისთვის მზადება) და იქმნება პროექტი - „სანიტარული კორდონი“.
ახალი „რეჩ პოსპოლიტა“ ანუ ბუფერული ზონის შექმნა რუსეთ-ევრაზიასა (მიწა) და დასავლეთ ევროპას შორის (სადაც გერმანიისა და საფრანგეთის გაერთიანება პოტენციურად ევროპული კონტინენტალიზმია, ანუ ევროპული ჰარტლენდი) წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით და სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკებით (ბალტიისპირეთის ქვეყნები).
„სანიტარული კორდონის “ მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპასთან (ანუ დიდი ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რომელიც პუტინმა გამოაცხადა). ბჟეზინსკიმ (დიდი საჭადრაკო დაფა) ღიად თქვა, რომ „სანიტარული კორდონის“ მთავარი როლი უკრაინას ეკუთვნის: ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ატლანტისტური ექსპანსიის ფორპოსტად გადაქცევა, რისი წარმატებული განხორციელებასაც ყველანი ვხედავთ.
იგივე კონტექსტშია განსახილველი დასავლეთის პოლიტიკა ირანის მიმართ, რომელიც ევრაზიული ალიანსის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია.
ეს არასრული აღწერა მოვლენებისა იმისთვის დაგვჭირდა, რომ ნათელი გაგვეხადა ჩვენი თემის აქტუალურობა.
ჩვენი კვლევის მიზნებია დავასაბუთოთ, რომ:
1) ჰ. მაკინდერის, ა. მეჰენის, ნ. სფაიქმენის ან რომელიმე სხვა ქვეყნის გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური სქემები, ერთი მხრივ, ასახავენ, ხოლო მეორე მხრივ, არიან რა მიღებულნი, როგორც სახელმძღვანელო დოქტრინები, უშუალოდ ზემოქმედებენ და განსაზღვრავენ სახელმწიფოთა პოლიტიკას, რომ პრინციპები არ იცვლება, არამედ ხდება მათი ტექნოლოგიური დახვეწა და ადაპტაცია თანამედროვე რეალიებთან.
2) თანამედროვე გლობალური პოლიტიკის შინაარსი არ დაიყვანება მხოლოდ ტრადიციული მოთამაშეების დომინირებისთვის ბრძოლაზე, რომ ახალი, გლობალური არასახელწიფოებრივი აქტორები უდიდეს გავლენას ახდენენ მსოფლიოზე და ცდილობენ რა, გამოიყენონ ტრადიციულ აქტორებს შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი ინსტიქტური მიდრეკილება დომინირებისადმი, თვითონ გაბატონდნენ მსოფლიოზე, რისთვისაც შექმნილი აქვთ სათანადო ინსტიტუციები და იდეოლოგია;
3) ჩამოყალიბდა გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელების მოდერნიზებული ფორმები, რომელთა მიმართაც საჭიროა ადეკვატური მიდგომების შემუშავება.
***
პოლიტიკური პროცესების ისტორიულ ჭრილში კვლევა დაგვეხმარება, დავინახოთ მათი გენეზისი და მოქმედების კანონზომიერებები. ეს კი ერთადერთი გზაა გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში გასარკვევად, რასაც არა მარტო შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირებისათვის. ბუნებრივია, რომ ამ მიზნის მიღწევას ხელს არ უწყობს აკვიატებული სიმპათია-ანტიპათიები ამა თუ იმ გეოპოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რომელიც დამახასიათებელია იმ ერებისთვის, რომლებიც ვერ გამოვიდნენ სახელმწიფოებრივი ცნობიერების ინფანტილური მდგომარეობიდან, რისი დაძლევის აუცილებლობაც თვალსაჩინოა საღად მოაზროვნე ყველა ადამიანისთვის.
კვლევის ამოცანას ასევე წარმოადგენს გავიგოთ ახალი გლობალური მოთამაშეების როლი და გავლენა, რაც ხელს შეუწყობს სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციონირების შესახებ ამ ახალი ვითარების გათვალისწინებით. პარადიგმის ცვლისა და მასთან თანმდევი არასტაბილურობის ფონზე, ასეთი პოზიციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
***
გეოპოლიტიკის არსი ძირითადად არის სივრცის მართვა და კონტროლი, ცხადია, დღეს სივრცის კონტროლი დივერსიფიცირებულია ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიოს მზარდი ურთიერთდამოკიდებულების გამო (კერძოდ, ის აღარ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის ჩარჩოებში). ამის გამო, სივრცის კონტროლი იღებს სრულიად ახალ, ტრანსნაციონალურ და კონცეპტუალური მართვის ფორმებს, მაგალითად, ფინანსურ-ეკონომიკური, ინფორმაციული ან შერეული კონტროლისა და მართვის სახეს. ჩვენი ნაშრომის ჰიპოთეზაა, რომ სტრატეგიები, რომლებიც დამუშავებულ იქნენ კლასიკური გეოპოლიტიკის ფუძემდებლების მიერ და რომლებიც ასახავდნენ მათი თანამედროვე იმპერიების მოქმედებათა ალგორითმებს, ძირითადად არ იცვლება, რადგანაც არ შეცვლილან გეოპოლიტიკური სუბიექტები, მათი ინტერესები და გეოგრაფიული გარემო. ამავე დროს, მსოფლიო დომინირებისთვის ბრძოლას ახლებური ხასიათი მისცა ახალმა, ციფრული განზომილების ათვისებამ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, გლობალური საბანკო-საფინანსო სისტემის, მედიის და სოციალური ქსელების ჩამოყალიბებამ, თუმცა მათ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებებთან მიმართებაში ცვლადი, იერარქიულად დაქვემდებარებული ადგილი ენიჭებათ.
***
მეცნიერული სიახლე მდგომარეობს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მოძღვრებათა სუბიექტურობის გამოვლინების საფუძველზე, ობიექტური, მეცნიერული კანონზომიერებების გამოვლენის მცდელობაში, რისთვისაც გაანალიზებულია ბოლო 150 წლის განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და მათი გენეზისი, დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, მაგალითად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს შემუშავებულ გეოპოლიტიკურ სტრატეგიებსა და ძალის ცენტრების მოქმედებებს შორის, ასევე ამ მოქმედებების გავლენის შესახებ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ნაშრომში განხილულია ჰ.მაკინდერის, ა.მეჰენის, ჯ.სფიქმენის ფ.რატცელის, ჰ.კისინჯერის, ზ.ბჟეზინსკის, ა.დუგინის, პლეშაკოვის, სუნ-ძის და სხვათა შრომები.
პირველად არის წარმოდგენილი ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი გეოპოლიტიკური რუკა, რომლიც ეყრდნობა რა, ჰელფორდ მაკინდერის მემკვიდრეობას, ჩვენი აზრით, უფრო კორექტულად ასახავს რეალობას;
პირველად არის შემოთავაზებული ახალი დეფინიცია სახელმწიფოს პოტენციური სიმძლავრის განსაზღვრებისთვის;
პირველად არის განხილული ფუნდამენტალური დუალიზმისა და ადამიანის ფსიქოლოგიის მიმართება;
ასევე, პირველადაა შემოტანილი ბალანსი-მდგომარეობის კატეგორიები, რაც შეიძლება იყოს ლოკალური და გლობალური. საუბარი გვაქვს გლობალურ ბალანს-მდგომარეობაზე, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სამ ფაზაში: ცვლადი, მყარი და ქაოსური;
გამოტანილია დასკვნა, რომ გეოპოლიტიკაში, მსოფლიოს ყველა სუბიექტის ძალის ვექტორი, განურჩევლად მათი ძალის, სიდიდისა და მიმართულებისა, გლობალური პროცესების აპოგეის დროს, დაიყვანება ორ საპირისპირო ჯამურ ძალაზე. მისი საფუძველია ძირეული სახმელეთო და საზღვაო ურთიერთდაპირისპირებული ძალები;
განხილულია ციფრული ერის მიმართება კლასიკური გეოპოლიტიკის კანონებთან;
შემოვიტანეთ ახალი ტერმინი „მეტაგეოპოლიტიკა“, რომელიც, ჩვენი აზრით, უკეთ გამოხატავს რეალობას, ვიდრე ტერმინი „კიბერგეოპოლიტიკა“;
განხილული იქნება საზღვაო ცივილიზაციის მიერ ციფრული ტექნოლოგიების ე.წ. „ვეპენიზაციის“, ანუ იარაღად გამოყენების საკითხები, ამ მოვლენის კავშირი საზღვაო ცივილიზაციის თავისებურებებთან;
წამოყენებულია ჰიპოთეზა აშშ-ს ორმაგი გეოპოლიტიკური ბუნების შესახებ;
განხილულია საქართველოს ლოკალური გეოპოლიტიკის საფუძვლები და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური თავისებურებები.
შემოვიტანეთ საქართველოს გეოპოლიტიკის ძალისხმევის ვექტორების ცნება.
ასევე, გვაქვს მცდელობა, დადგინდეს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოებისა და სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციების მოქმედებათა (ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების პოლიტიკა, რუსეთის მისწრაფება გავლენის სფეროების აღდგენისაკენ ჩინური გლობალიზმი და სხვ.), ისე საკუთრივ გეოპოლიტიკური სკოლების მიერ შემუშავებული სტრატეგიების მემკვიდრეობითი ხასიათი. განხილულ იქნება მათი სუბიექტურობა ძალის ცენტრებისადმი კუთვნილების მიხედვით, საიდანაც გამომდინარეობს მიუკერძოებელი განხილვის აუცილებლობა ობიექტურთან შედარებით მიახლოებული სურათის შექმნის მიზნით. თემის მეცნიერული სიახლე იქნება ასევე მსოფლიო პოლიტიკის დინამიკის განხილვა არა მარტო ტრადიციული აქტორების მოქმედებათა ჭრილში, არამედ ახალი გლობალური არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების რაობის, მისი მიზნებისა და გავლენის შესახებ მსოფლიო და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბედზე.
ნაშრომის დამუშავებისას გამოყენებული მეთოდები ძირითადად ეფუძნება კვლევის საფუძვლებს, რაც მოიცავს მეცნიერული მიდგომის ერთგვარ იარაღს - ლოგიკას, ანუ სწორად აზროვნების სისტემას, რომელსაც ფაქტობრივი დაკვირვების საფუძველზე მივყავართ სანდო დასკვნის გაკეთებამდე.
კლასიკური გეოპოლიტიკა თანამედროვე ეპოქაში
გეოპოლიტიკა, როგორც ცნება, პირველად შვედმა მეცნიერმა, რუდოლფ ჩელენმა (1864-1922) გამოიყენა, 1899 წელს, სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა შვედეთის საზღვრებს. თავის ყველაზე ცნობილ ნაშრომში - „სახელმწიფო, როგორც სიცოცხლის ფორმა“, ჩელენმა შემოიტანა გეოპოლიტიკის ასეთი დეფინიცია - „ესაა მეცნიერება, რომელიც სწავლობს სახელმწიფოს, როგორც სივრცეში განფენილ გეოგრაფიულ ორგანიზმს“. სახელმწიფოს მოქმედების ანალიზის დროს, ჩელენის აზრით, საჭიროა გეოგრაფიული ფაქტორი განვიხილოთ კომპლექსურად - მისი სახალხო მეურნეობის, სოციალური სტრუქტურის დემოგრაფიული პოტენციალის და პოლიტიკური მოწყობის გათვალისწინებით. ჩელენმა ასევე ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკის საგანი: „გეოპოლიტიკა არის სივრცის ფუნდამენტური თვისებების შესწავლა, რაც დაკავშირებიულია დედამიწასთან და ნიადაგთან. ეს არის იმპერიის შექმნისა და ქვეყნებისა და სახელმწიფო ტერიტორიების წარმოშობის შესწავლა“ სახელმწიფო არ არის შემთხვევითი, ან ხელოვნური კონგლომერაცია ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, რომელიც გაერთიანებულია მხოლოდ კანონშემოქმედთა ფორმულებით; ის ღრმად არის ფესვგადგმული ისტორიულ და კონკრეტულ რეალობაში, აქვს ორგანული ზრდა, ის ისეთივე ფუნდამენტური ტიპის გამოხატულებაა, როგორიც ადამიანია. ერთი სიტყვით, იგი წარმოადგენს ბიოლოგიურ არსებას, ანუ ცოცხალ არსებას“. როგორც ასეთი, სახელმწიფო მიჰყვება ზრდის კანონს, რადგან „ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოები შეზღუდული სივრცით ექვემდებარებიან კატეგორიულ იმპერატივს, გააფართოონ თავიანთი სივრცე კოლონიზაციის, შერწყმის ან დაპყრობის გზით“.
თავისი უფროსი კოლეგის, ფრიდრიხ რატცელის მსგავსად, ჩელენიც განიხილავდა სახელმწიფოს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს რთული სტრუქტურით, რომელიც ვითარდება სივრცეში. სახელმწიფოს, როგორც ორგანიზმს, აქვს არა მხოლოდ „სხეული“ სივრცის სახით, არამედ „სული“, რომელიც ერის სახით არის წარმოდგენილი. სახელმწიფოს, როგორც ბიოლოგიურ ორგანიზმს, რომელიც დგას ინდივიდებზე მაღლა და ამავდროულად მათ მოიცავს, განსაკუთრებული სახის „მიზეზი“ აქვს და ძალაუფლების ნებით არის დაჯილდოებული. მას, როგორც ერთ არსებას, უწევს ბრძოლა არსებობისთვის, რაც შთანთქავს მისი ძალების ნაწილს და იწვევს წინააღმდეგობას გარკვეული სახის გარემოსთან.
წიგნში - „სახელმწიფო, როგორც ცხოვრების ფორმა“, ჩელენი აანალიზებს ძალაუფლების ანატომიას და მის გეოგრაფიულ საფუძვლებს. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ხუთი ურთიერთდაკავშირებული პოლიტიკის ელემენტის გაერთიანება. როგორც სისტემა, სახელმწიფო შედგება შემდეგი სასიცოცხლო სფეროებისგან:
• სახელმწიფო, როგორც გეოგრაფიული სივრცე;
• სახელმწიფო, როგორც ხალხი;
• სახელმწიფო, როგორც ეკონომიკა;
• სახელმწიფო, როგორც საზოგადოება;
• სახელმწიფო, როგორც მენეჯმენტი.
ჩელენმა განსაზღვრა სახელმწიფოს სიძლიერე, როგორც მითითებული მახასიათებლების ფუნქცია. შესაბამისად, სახელმწიფო მეცნიერება უნდა შედგებოდეს ხუთი დისციპლინისგან: გეოპოლიტიკა, ეკოპოლიტიკა, დემოპოლიტიკა, სოციოპოლიტიკა და კრატოპოლიტიკა. ჩელენმა ასევე შემოიტანა „სახელმწიფოს სიმძლავრის“ კონცეფცია, რომელიც შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმულით: სახელმწიფოს სიმძლავრე (f) = ბუნებრივი გეოგრაფიული მახასიათებლები + სახალხო მეურნეობა + ხალხი + სახელმწიფო მოწყობა.
ჩელენი ავტარქიის პოზიციებზე იდგა, ე.ი. ცდილობდა შეექმნა ეკონომიკურად თვითკმარი, დახურული სახელმწიფოს - დაცული „სახალხო სახლის“ (Folkfemmet) კონცეფცია. ის ხალხს ახასიათებდა კულტურული, ეთნიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. მოსახლეობის სოციალური შემადგენლობა მას ესმოდა, როგორც მოსახლეობის და მისი კლასების კომუნალური ორგანიზაცია, მაგალითად, მშრომელთა ორგანიზაციები. მან მმართველობის ფორმა კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სტრუქტურასთან გაათანაბრა. ჩელენმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ხელისუფლების საზღვრებზე მოქალაქეთა თავისუფლებებთან მიმართებაში. საუბარია, ერთი მხრივ, სინდისის, პრესის, შეკრების თავისუფლებაზე და სხვა უფლებებზე, მეორე მხრივ კი გადასახადების გადახდის ვალდებულებაზე, სამხედრო სამსახურზე, სავალდებულო სასკოლო სწავლებაზე და ა.შ.
რ. ჩელენი, ისევე, როგორც ფრიდრიხ რატცელი, თვლიდა, რომ სახელმწიფო იბადება, ცხოვრობს და კვდება. ის კონკურენციას უწევს სხვა ძალებს. სივრცის შენარჩუნება და გაზრდა სახელმწიფოს გადარჩენის გარანტიაა. საკითხის ასეთი ფორმულირება სავსებით გასაგებია, რადგან ჩელენისთვის გეოპოლიტიკის ცენტრალური საკითხია სახელმწიფოზე ზეწოლა გარედან. ასეთ ზეწოლას აძლიერებს ან ხელს უწყობს პოლიტიკური ალიანსები და სხვა მსგავსი შეთანხმებები. გეოგრაფიული მდებარეობა, ჩელენის აზრით, გარკვეული გაგებით შეიძლება აღიარებულ იქნას, როგორც „ყველა პოლიტიკის გასაღები“. მას მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს ბუფერული ან პერიფერიული პოზიცია ყოველთვის მიმზიდველია პოლიტიკური ზეწოლისთვის.
რ. ჩელენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მორფოპოლიტიკას - დოქტრინას სახელმწიფოს ტერიტორიის ფორმის შესახებ. სახელმწიფო ტერიტორიის იდეალურ ფორმად ის წრეს მიიჩნევდა. წაგრძელებიული ფორმის სახელმწიფოები, ისეთები, როგორიც არის, მაგალითად, ნორვეგია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მოწყვლადნი არიან. ჩელენი სახელმწიფოს სიდიდეს მისი სიმძლავრის საფუძვლად მიიჩნევს. მას სჯეროდა, რომ სახელმწიფოებს ისევე აქვთ მგრძნობელობა და აზროვნება, როგორც მათ შემადგენელ უჯრედებს - ადამიანებს და ვითარდებიან არსებობისთვის ბრძოლის წესების შესაბამისად. „სახელმწიფოები არსებობენ დედამიწის ზედაპირზე საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის, ხელსაყრელი გარემოებებისა და ბუნებრივი გადარჩევის წყალობით, ერთმანეთთან მუდმივი კონკურენციის მდგომარეობაში... ჩვენ ვხედავთ, როგორ იბადებიან და იზრდებიან ისინი, როგორ ბერდებიან და კვდებიან სხვა ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად“, - წერდა ის.
„არსებობისთვის ბრძოლა სახელმწიფო ცხოვრებაში არის ბრძოლა სივრცისათვის. „სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოები“, რომელთა სივრცე შეზღუდულია, ექვემდებარებიან პოლიტიკურ იმპერატივს: გააფართოონ თავიანთი ტერიტორია კოლონიზაციის, უნიების, ან სხვადასხვა სახის დაპყრობებით“.
ომები, ჩელენის აზრით, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, რომლებიც ყოველთვის მოხდება, ისევე, როგორც სახელმწიფოს ორგანიზმის ზრდა. ბრძოლა სივრცისათვის ემორჩილება ბუნების მარადიულ კანონებს. ამავდროულად, ჩელენმა გამოკვეთა გეოპოლიტიკის კანონი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ დიდი ძალა, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძლიერებას, ავრცელებს გავლენას და აყენებს მოთხოვნას თავის საზღვრებს გარეთ: „დიდი ძალები ექსპანსიონისტური სახელმწიფოები არიან“, - ასკვნის ის. ომები იმართება იმისთვის, რომ ხალხის „ჭარბ მასებს“ სამუშაო და პური მისცეს. ძლიერი სახელმწიფოების მთავრობები ექვემდებარებიან აუცილებლობის მკაცრ კანონს, ხოლო „სახელმწიფოს გარდაუვალი ზრდა“ ცუდია პატარა ქვეყნებისათვის და ხალხებისათვის, რადგან რაც უფრო დიდი სახელმწიფო წარმოიქმნება, მით უფრო მცირდება პატარა სახელმწიფოს წონა და მნიშვნელობა, ისინი იძულებულნი არიან ან პერიფერიაზე გავიდნენ, ან განიდევნონ სასაზღვრო რაიონებში, ან გაქრნენ, ხოლო სამართლიანობისა და უსამართლობის გამოყენება ჩელენს უადგილოდ მიაჩნია.
ჩელენი აყალიბებს ავტარკიის კანონს - ბალანსს უკიდურესობებს შორის. მისი არსი ემყარება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოში წარმოება არ უნდა იყოს წმინდა აგრარული, ან წმინდა ინდუსტრიული, უკიდურეს შემთხვევაში, სახელმწიფოს დასჭირდება მშვიდობიანი ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან. თუმცა, თუ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, მას არ შეუძლია აწარმოოს ომები ახალი ტერიტორიებისთვის, ნედლეულის წყაროებისთვის, მაშინ ავტარკია ცვლის „ღია კარების“ სისტემას „ინტერესთა დახურული სფეროების“ სისტემით.
ტერმინ „გეოპოლიტიკის“ მამას მიაჩნდა, რომ ცალკეული სახელმწიფოს ღრმა შესწავლის საფუძველზე, შეიძლება ჩამოყალიბდეს ყველაზე ზოგადი პრინციპები და კანონები, რომლებიც შეესაბამება ყველა სახელმწიფოს და ნებისმიერ დროს. სახელმძღვანელო პრინციპია სახელმწიფოს სიძლიერე. ის ასკვნის, რომ ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს არსებობის შესანარჩუნებლად, ვიდრე კანონი, ვინაიდან კანონი მხოლოდ ძალით არის მხარდაჭერილი. სახელმწიფოს სიძლიერეში ჩელენი პოულობს მისი თეზისის კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია და თუ კანონი შემოაქვს სახელმწიფოში მორალურ-რაციონალურ ელემენტს, მაშინ ძალა აძლევს მას ბუნებრივ ორგანულ იმპულსს.
გეოპოლიტიკაში, ძალაუფლების როლის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩელენს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მცირე ქვეყნები, თავიანთი გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, დაექვემდებარებოდნენ დიდ სახელმწიფოებს, რომლებსაც შეეძლოთ მათი გაერთიანება დიდ გეოგრაფიულ და ეკონომიკურ კომპლექსებში. თუ წინა პერიოდებში, მისი აზრით, ამ როლს ბრიტანეთი და რუსეთი ასრულებდნენ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, გერმანიას ეს როლი ევროპის კონტინენტზე უნდა ეთამაშა. მისი აზრით, სწორედ ის ფლობდა ეგრეთ წოდებულ „ღერძულ დინამიზმს“ ევროპაში და, შესაბამისად, მან შესთავაზა გერმანია-სკანდინავიური ალიანსის შექმნა, რომელსაც უხელმძღვანელებდა გერმანიის იმპერია.
პირველი მსოფლიო ომის, ვერსალის ხელშეკრულების შემდეგ, ჩელენმა დაასაბუთა თეზისი სამი გეოგრაფიული ფაქტორის შესახებ, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ გლობალურ გეოპოლიტიკაში. ამ ფაქტორებს ის ტერიტორიის გაფართოებას, ტერიტორიულ სიმყარესა და გადაადგილების თავისუფლებას უწოდებს. ის ამტკიცებს, რომ დიდ ბრიტანეთს, ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად, აქვს გადაადგილების თავისუფლება ძლიერი საზღვაო ფლოტის გამო და, შესაბამისად, უზრუნველყოფს დომინირებას საზღვაო ხაზებში, ასევე ფლობს სხვა ფაქტორს - ტერიტორიის გაფართოებას (დიდი კოლონიური საკუთრება), მაგრამ არ აქვს ტერიტორიული სიმყარე: მისი იმპერია, რომელიც იმ დროს იკავებდა დედამიწის ზედაპირის 24%-ს, მიმოფანტული იყო მსოფლიოს ყველა კუთხეში. ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკის სუსტი მხარე.
რუსეთს, მისი აზრით, აქვს ფართო ტერიტორია, სიმყარე, მაგრამ მას არ აქვს გადაადგილების თავისუფლება, რადგან რუსეთის წვდომა თბილ ზღვებზე შეზღუდულია.
გერმანიას, ჩელენის მიხედვით, არც ფართო ტერიტორია აქვს და არც გადაადგილების თავისუფლება (მას ჰამბურგის, კილის გავლით, ღია ზღვაზე წვდომა ჰქონდა, მაგრამ ოცდაათწლიანი ომის შემდეგ, 1648 წლის ვესტფალიის ხელშეკრულებები უზრუნველყოფდა მდინარეების შესართავების კონტროლს ჰოლანდიელების და შვედების მიერ), მაგრამ მას გააჩნდა ტერიტორიული სიმყარე და ერთი ეთნიკური ჯგუფი.
შეერთებულ შტატებში სამივე სივრცითი ფაქტორი ხელსაყრელი იყო: ფართო სივრცე, გადაადგილების თავისუფლება და ტერიტორიული სიმყარე.
იაპონიას ჰქონდა ტერიტორიული სიმყარე და გადაადგილების თავისუფლება წყნარი ოკეანის ზონაში, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი ტერიტორია.
ერთი მხრივ, გერმანიას და მეორე მხრივ, საფრანგეთსა და ინგლისს აპირისპირებს ჩელენის კონცეფცია „ახალგაზრდა“ და „ძველი“ ხალხების შესახებ. ფ.დოსტოევსკის მოსაზრების მსგავსად, მეცნიერი რუსებს და გერმანელებს „ახალგაზრდებად“ თვლიდა, ხოლო ფრანგებსა და ბრიტანელებს - „ძველ ხალხებად“. ახალგაზრდა გერმანელებს, მისი აზრით, უნდა ჰქონდეთ ცენტრალური ევროპული სივრცე და შექმნან პლანეტარული დონის კონტინენტური სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანია ვერ გადარჩება ისეთ გეოპოლიტიკურ სტრუქტურებთან ბრძოლაში, როგორებიცაა რუსეთი, ინგლისი - კოლონიებითურთ და შეერთებული შტატები. ამისთვის ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები უნდა გაერთიანდნენ თვისობრივად ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში, რომლის ღერძი იქნებიან გერმანელები, ვინაიდან გერმანიის გეოგრაფიული მდებარეობა აიძულებს მას დაიცვას მთელი ევროპის მთავარი ინტერესები.
ამრიგად, ჩელენი შევიდა მეცნიერებასა და პოლიტიკაში არა მხოლოდ, როგორც ახალი კატეგორიის ავტორი, არამედ, როგორც მთელი რიგი კონცეფციების შემქმნელი, რომლებიც საფუძვლად დაედო მესამე რაიხის პოლიტიკას. წამყვანმა გერმანელმა გეოპოლიტიკოსმა კ.ჰაუსჰოფერმა ჩელენის წიგნს - „სახელმწიფო, როგორც ცხოვრების ფორმა“, უწოდა ნაშრომი, რომელშიც „ყველაზე ნათლად არის განვითარებული გეოპოლიტიკის თეორია“.
ფრიდრიხ რატცელი (1844-1904 წწ)
ფ.რატცელის მსოფლმხედველობასა და მეთოდოლოგიას საფუძვლად ედო ევოლუციონიზმისა და დარვინიზმის იდეები. ფრიდრიხ რატცელი იყო პირველი, ვინც ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ სივრცე არ არის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაკავებული ტერიტორია, არამედ არის მისი პოლიტიკური ძალა.
რატცელი იზიარებდა მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო მისი განვითარება უკავშირებდა სივრცულ გაფართოებას. ფ.რატცელი ცნობილია, როგორც ექსპანსიის შვიდი კანონის ავტორი:
1. სახელმწიფოების განვრცობა იზრდება მათი კულტურის განვითარებასთან ერთად.
2. სახელმწიფოს სივრცით ზრდას თან ახლავს მისი განვითარების სხვა გამოვლინებები: იდეოლოგიის, წარმოების, კომერციული საქმიანობის, ძლიერი „მიზიდულობის“ პროზელიტიზმის სფეროებში.
3. სახელმწიფო აფართოებს, შთანთქავს ნაკლები მნიშვნელობის პოლიტიკურ ერთეულებს.
4. საზღვარი არის სახელმწიფოს პერიფერიაზე მდებარე „ორგანო“ (ორგანიზმად გაგებული).
5. სივრცითი გაფართოების განხორციელებით, სახელმწიფო ცდილობს დაიფაროს თავისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონები: სანაპიროები, მდინარეების აუზები, ხეობები და, ზოგადად, ყველა მდიდარი ტერიტორია.
6. ექსპანსიის საწყისი იმპულსი მოდის გარედან, რადგან სახელმწიფოს გაფართოების პროვოცირებას ახდენს აშკარად დაბალი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო (ან ტერიტორია).
7. ზოგადი ტენდენცია სუსტი ერების ასიმილაციის ან შთანთქმისკენ უბიძგებს სახელმწიფოს მეტი ტერიტორიული ექსპანსიისკენ.
ფ.რატცელმა შემოიტანა „საცხოვრებელი სივრცის“ - Lebensraum ცნება, რომელიც ფართოდ გავრცელდა გერმანულ გეოპოლიტიკაში. ამ კონცეფციის დახმარებით, გერმანელი გეოგრაფი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ გერმანიის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები წარმოიქმნა მისთვის უსამართლო, ვიწრო საზღვრებით, რაც სერიოზული დაბრკოლებაა ამ ქვეყნის დინამიური განვითარებისთვის - გავლენა კულტურის ხალხების ცხოვრების წესზე, კერძოდ, მიწათმფლობელობის, მებაღეობის კულტურაზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურის დონე უფრო მაღალია, მოსახლეობა უფრო მჭიდროა.
სახელმწიფო მისთვის „მიწაში ფესვგადგმული ცოცხალი ორგანიზმია. რატცელი აცხადებს: „სახელმწიფო არის ორგანიზმი... იმიტომ, რომ ეს კავშირი ორმხრივად ძლიერდება, ხდება რაღაც ერთიანი, წარმოუდგენელი ორი კომპონენტიდან ერთის გარეშე... დასახლებული სივრცე... ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას, განსაკუთრებით თუ ეს სივრცე გარშემორტყმულია ბუნებრივი საზღვრებით. თუ ადამიანი თავის ტერიტორიაზე ბუნებრივად გრძნობს თავს, ის გამუდმებით იმეორებს იმავე მახასიათებლებს, რაც მასში ნიადაგიდან წარმოშობილი იქნება“.
რატცელის კონცეფციაში სივრცე არის ბუნებრივი ჩარჩო, რომელშიც ხდება ხალხთა გაფართოება, სახელმწიფოს განვითარება. ამავე დროს, ფ.რატცელმა გააანალიზა საზღვაო სივრცითი ფაქტორის გავლენა პოლიტიკაზე. მას სჯეროდა, რომ იმ დროს ხმელთაშუა ზღვის აუზს და ატლანტიკას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთან, გერმანელმა გეოპოლიტიკოსმა წყნარ ოკეანეს უწოდა „მომავლის ოკეანე“ და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ოკეანის სივრცე გახდება ენერგიული საქმიანობის არენა და წამყვანი მსოფლიო ძალების ინტერესების შეჯახება: ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და იაპონია. მისი აზრით, სწორედ წყნარ ოკეანეში უნდა წარმოიშვას მთავარი კონფლიქტი საზღვაო და კონტინენტურ ხალხებს შორის.
რატცელი ასევე დეტალურად აანალიზებს ზღვების და მტკნარი წყლის რესურსების, კლიმატის როლს ხალხთა ცხოვრებაში:
1. სინათლის, სიცხის, სიცივის, ნესტის, სიმშრალის, ჰაერის წნევისა და ქარის გავლენით, ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ ცხოვრებაში პირდაპირი ცვლილებებია.
2. კლიმატი გავლენას ახდენს ხალხთა მიგრაციაზე.
3. მცენარეულობის ზრდა და ცხოველთა გავრცელება დამოკიდებულია კლიმატზე, შესაბამისად, ადამიანის ცხოვრების წესზე.
ნიადაგის გავლენა ნიადაგის ხალხზე (მიწა)
გავლენა ხალხების ცხოვრების წესზე, კერძოდ, მიწათმფლობელობის, მებაღეობის კულტურაზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურის დონე უფრო მაღალია, მოსახლეობა უფრო მჭიდროა.
სახელმწიფო მისთვის „მიწაში ფესვგადგმული ცოცხალი ორგანიზმია. რატცელი აცხადებს: „სახელმწიფო არის ორგანიზმი... იმიტომ, რომ ეს კავშირი ორმხრივად ძლიერდება, ხდება რაღაც ერთიანი, წარმოუდგენელი ორი კომპონენტიდან ერთის გარეშე... დასახლებული სივრცე... ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას, განსაკუთრებით თუ ეს სივრცე გარშემორტყმულია ბუნებრივი საზღვრებით. თუ ადამიანი თავის ტერიტორიაზე ბუნებრივად გრძნობს თავს, ის გამუდმებით იმეორებს იმავე მახასიათებლებს, რაც მასში ნიადაგიდან წარმოშობილი იქნება“.
რატცელის კონცეფციაში სივრცე არის ბუნებრივი ჩარჩო, რომელშიც ხდება ხალხთა გაფართოება და სახელმწიფოს განვითარება.
სახელმწიფოს დაქვეითება, მისი აზრით, სივრცითი კონცეფციის შესუსტებისა და ხალხის სივრცითი განცდის შესუსტების შედეგია. სახელმწიფოები აღმოჩნდებიან, როგორც სივრცითი ფენომენები, რომლებიც აკონტროლებენ და აცოცხლებენ ამ სივრცეს.
ზოგადად, კლასიკური გეოპოლიტიკური მეცნიერების დაბადების თარიღად ითვლება 1904 წელი, როდესაც ინგლისელმა გეოგრაფმა და საზოგადო მოღვაწემ, ჰელფორდ მაკინდერმა (1861-1947) გამოაქვეყნა თავისი საპროგრამო სტატია - „ისტორიის გეოგრაფიული ღერძი“, სადაც მან ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკური თეზისები, რომლებშიც საერთო მონახაზებშია მოცემული ცივილიზაციური დუალიზმის (საზღვაო და სახმელეთო) პრინციპები და გამოაქვეყნა ამ თეზისების შესაბამისად შემუშავებული ისტორიულ-გეოპოლიტიკური რუკა. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ჰელფორდ მაკინდერი, ისევე, როგორც მისი თანამედროვე გეოპოლიტიკოსები - ალფრედ მეჰენი (1840-1922), ფრანგი გეოგრაფი ვიდალ დე ბლანში ეყრდნობოდნენ სწორედ „გეოპოლიტიკის მამამთავრის“, ფრიდრიხ რატცელის ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენიებულ შრომებს, მის პოლიტიკურ გეოგრაფიას და გეოგრაფიული დეტერმინიზმის თეორიას.
ფრანგი გეოგრაფი ვიდალ დე ლა ბლანში ცნობილია იმით, რომ საფუძველი ჩაუყარა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის გეოგრაფიულ ტრადიციას, რომელსაც 1922 წელს, ლუსიენ ფევრმა უწოდა „პოსიბილიზმი“. რატცელის შეხედულება ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ, მთლიანად ემთხვევა ვიდალ დე ლა ბლანშის აზრებს, კერძოდ, ვიდალის მიხედვით, „ძველი ენობრივი ჩვევები გვაიძულებს განვიხილოთ ადამიანი და ბუნება, როგორც ორი ურთიერთდაპირისპირებული ტერმინი - ორი მოწინააღმდეგე, რომლებმაც გამოიწვიეს, მაგრამ ადამიანი არ ჰგავს იმპერიას იმპერიის შიგნით, ის მოქმედებს ბუნებაზე მხოლოდ ბუნების შიგნიდან და ბუნების მეშვეობით“. სწორედ ამიტომ, ვიდალის აზრით, „ცხადია, რომ ადამიანი, მისი ცხოველმოქმედების ორგანოების მეშვეობით, ცხოველების მსგავსად, გაჟღენთილია გარესამყაროს გავლენით“.
კლასიკური გეოპოლიტიკის გერმანული სკოლის წარმომადგენელი, კარლ ჰაუსჰოფერი (1869-1946) გეოპოლიტიკას განიხილავდა მეცნიერებად, რომელიც გეოგრაფიული ცოდნის საფუძველზე, გამოიმუშავებს სახელმწიფოს მართვის პრაქტიკულ პოლიტიკას. მის მიერ გამოთქმული თეზისი, რომ „გეოპოლიტიკა არის სახელმწიფოს გეოგრაფიული გონება“, ჩელენისა და რატცელის პოლიტიკური გეოგრაფიიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავდა ამ თეორიების მისადაგებას გერმანიის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე.
ჰაუსჰოფერმა, წინა თეორიების საფუძველზე, შეიმუშავა ისტორიის უახლესი პერიოდის გეოპოლიტიკის საკუთარი პრინციპები, სადაც აშკარად ჩანს რევანშიზმისა და აგრესიის იდეების პროპაგანდა. მიიღო რა, რატცელისა და ჩელენის იდეეები დიდი სახელმწიფოების ფუნდამენტური უპირატესობის შესახებ მცირეებზე, მან გარდაუვალად მიიჩნია გერმანიის ბატონობა მის გარშემო მყოფ მცირე სახელმწიფოებზე.
ჰაუსჰოფერმა გეოპოლიტიკას მისცა ის ფორმა, რომლითაც იგი გახდა მესამე რაიხის ოფიციალური დოქტრინის ნაწილი. მისი ნაწერები ეკლექტიკურად აერთიანებდა გეოგრაფიულ დეტერმინიზმს, რასობრივ თეორიას და სოციალურ დარვინიზმს.
ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ჰაუსჰოფერი არ ეთანხმებოდა მესამე რაიხის პოლიტიკას და მიიჩნევდა, რომ ჰიტლერმა დაუშვა მძიმე გეოპოლიტიკური შეცდომები, განსაკუთრებით, ბრიტანეთთან მიმართებაში.
მაგალითად, ჰაუსჰოფერს სჯეროდა, რომ ბრიტანეთის იმპერია დაკნინებასთან ახლოს იყო და მსოფლიო ლიდერობა თანდათან უნდა გადასულიყო კონტინენტურ სახელმწიფოებზე და, უპირველეს ყოვლისა, გერმანიაზე. გერმანელებისთვის „საცხოვრებელი სივრცის“ გაფართოების აუცილებლობა აუცილებლად უბიძგებს გერმანიას ტერიტორიული გაფართოებისაკენ, ძირითადად, აღმოსავლეთში. ამასთან, ჰაუსჰოფერი ფიქრობდა, რომ ბრიტანეთის იმპერია მაინც უნდა დარჩენილიყო გერმანიის საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში.
ნაცისტურ გერმანიაში, ჰაუსჰოფერის გეოპოლიტიკა უკიდურესად მოდური გახდა და მისტიური ჟღერადობა შეიძინა. თავად ჰაუსჰოფერს ჰქონდა რეპუტაცია, რომ ის იყო „ადამიანი ჰიტლერის უკან“, რაც სრულიადაც არ შეესაბამებოდა რეალობას. მაგალითად, ფიურერმა გამოიყენა გეოპოლიტიკის თეორიული ასპექტები, ნაცისტური ექსპანსიის რაციონალისტური ახსნა. მაგალითად, მან ჰაუსჰოფერისგან ისესხა თავისი საყვარელი გამოთქმა: „სივრცე, როგორც ძალის ფაქტორი“.
ალფრედ ტაიერ მეჰენი (1840 - 1914) იყო შეერთებული შტატების საზღვაო ოფიცერი და ისტორიკოსი, რომელსაც ჯონ კიგანმა უწოდა „მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელი სტრატეგი“. მისმა წიგნმა - „საზღვაო ძალის გავლენა ისტორიაზე“, 1660-1783 (1890) გამოცემიდან, მალევე მოიპოვა აღიარება, განსაკუთრებით ევროპაში, ამ წიგნის გაგრძელება იყო მეჰენის შემდეგი შრომა - „საზღვაო ძალის გავლენა საფრანგეთის იმპერიაზე და რევოლუციაზე“ 1793-1812 (1892), რომელმაც გახადა იგი მსოფლიოში ცნობილი და, ალბათ, მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ავტორი.
ალფრედ ტაიერ მეჰენის მიერ დამუშავებულმა „საზღვაო ძლევამოსილების“ კონცეფციამ უდიდესი გავლენა იქონია აშშ-ს, როგორც საზღვაო იმპერიად ჩამოყალიბებაში, რაზეც დაწვრილებითი საუბარი გვექნება ჩვენი ნაშრომის ერთ-ერთ თავში, რომელიც აშშ-ს გეოპოლიტიკურ თავისებურებებს შეეხება.
რუსი გეოპოლიტიკოსის, ალექსანდრე დუგინის განმარტებით, „გეოპოლიტიკა, თავისთავად, წარმოადგენს კომპლექსურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ, სტრატეგიულ, სოციოლოგიურ მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობების ინტერპრეტაციით, პრინციპული და გარდაუვალი ცივილიზაციური დუალიზმის - თალასოკრატიისა და თელუროკრატიის საფუძველზე“. ამასთან, ის განიხილავს გეოპოლიტიკას, „როგორც დისციპლინას, რომელიც განლაგებულია ორი მეცნიერების, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის გადაკვეთაზე“. ზოგადად, გეოპოლიტიკური სივრცის განზომილება განისაზღვრება სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სიმძლავრის გავრცელების საზღვრებით. ამავე დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური პროცესების ცივილიზაციურ ჭრილში და ისტორიულ დინამიკაში განხილვას. კერძოდ, მიუხედავად თავისი ბიოლოგიური არსებობის სრული განპირობებულობისა დედამიწის გეოგრაფიული ლანდშაფტისა და კლიმატისაგან, ადამიანი ნებელობს და მოქმედებს გეოგრაფიულ არეალებში საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად, ქმნის ერთობებს, იდენტობებს, იყენებს არსებულ და ითვისებს ახალ რესურსებს, იბრძვის სივრცის მოწესრიგებისა და კონტროლისათვის, რის გამოც განუწყვეტელ ბრძოლას აწარმოებს სხვა გაერთიანებებთან, აგროვებს ინფორმაციას გეოგრაფიული გარემოს, ისტორიული წარსულის შესახებ, შეიმუშავებს ღირებულებებს და ქმნის კულტურულ ფასეულობებს. ცხადია, ექსტრემალურ გეოგრაფიულ გარემოს აქვს იმპერატიულად განმაპირობებელი ხასიათი, მაგრამ გარკვეულ და კეთილისმყოფელ კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებში, ადამიანებს შეუძლიათ თავისი პოტენციალის გამოვლენა და ისტორიული ქმნადობის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა.
დედამიწის ისტორიულ-პოლიტიკურ პროცესზე უდიდეს გავლენას ახდენს კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, მდინარეები, კლიმატი, ფლორა, ფაუნა. ორგანული და არაორგანული გარემო არის ის თეატრი და დეკორაციები, რომლებშიც მიმდინარეობს კაცობრიობის პოლიტიკური ისტორიის სპექტაკლი.
თითოეულ საზოგადოებას ყოფიერების საკუთარი ვერსია აქვს, რომელიც დიდწილად განაპირობებს მის მიერ გეოგრაფიული გარემოს აღქმის სპეციფიკას, ამიტომ ამა თუ იმ ცივილიზაციურ პარადიგმაში აღმოცენებული ვერსიების ექსტრაპოლირება საერთო კანონზომიერებათა რანგში, არაობიექტურობის დიდ რისკს შეიცავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი, თავისთავად, არ არიან უფრო ზოგადი კანონზომიერების შემადგენელი ნაწილები. კანონზომიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ ცივილიზაციები მათი სამხედრო პოლიტიკური და კულტურული გავლენის სფეროს განიხილავდნენ სამყაროს ცენტრად და გეოგრაფიულ გარემოს სწორედ ამგვარი რაკურსით განიხილავდნენ. მაგალითად, დროში ერთდროულად არსებული ჩინური, რომაული და ტოლტეკური ცივილიზაციები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, თავიანთ ჰაბიტატს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდნენ და ამ წარმოდგენების შესაბამისად მოქმედებდნენ. იგივე სურათს ვხედავთ ეგვიპტური, ინდური თუ ბერძნული ცივილიზაციების შემთხვევაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ გასული საუკუნის დასაწყისში შემუშავებული გეოპოლიტიკური დოქტრინები დასავლეთის ცივილიზაციური პარადიგმის ჭრილშია განსახილველი და ვინაიდან ეს ცივილიზაცია დომინირებს პლანეტაზე გლობალიზაციის პირობებში, აღნიშნულმა დოქტრინებმაც მიიღეს გლობალური მნიშვნელობა.
გაგრძელება იქნება