სად და რატომ გაიჭედა 150-მილიონიანი ინტერნეტიზაციის პროექტი?

სად და რატომ გაიჭედა 150-მილიონიანი ინტერნეტიზაციის პროექტი?

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც წინა არჩევნების დროს დიდი ზარზეიმით დაანონსდა, საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული. 150-მილიონიანი პროექტი არავის გაახსენდებოდა, ამ მივიწყებული თემით მედია რომ არ დაინტერესებულიყო.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარება იყო, რომლის ფარგლებშიც პარტია მოსახლეობას სრულ ინტერნეტიზაციას ჰპირდებოდა. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისათვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი მიიღებდა ინტერნეტს. ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნებოდა ვირტუალირ ქსელზე წვდომა. მოსახლეობის სრულ ინტერნეტიზაციაზეა საუბარი 2018-20 წლის სამთავრობო პროგრამაშიც.

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტიც“ კი დააფუძნა.

„ქართუმ“ ინტერნეტიზაციის პროექტი, დაანონსებული 150 მილიონი დოლარის ნაცვლად, ჯერჯერობით, 3 მილიონი ლარით დააფინანსა. აღნიშნული თანხა გერმანულ კომპანიას გადაუხადეს, რომელმაც გამოიკვლია რომელ ქალაქებსა თუ სოფლებში იყო ინტერნეტიზაციის საჭიროება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მხოლოდ ახლა აცხადებს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. მისი თქმით, მთავრობას სურს, პირველ რიგში, ის რეგიონები გამოვკვეთოს, სადაც ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობაა.

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახებისთვის ხარისხიანი ინტერნეტი იქნება მიწოდებული, მაგრამ ის ასევე შესაძლებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის შექმნის, ამ კუთხით რეგიონები იქნება შერჩეული. ამის შემდეგ ბიუჯეტი დაზუსტდება და „ფონდმა ქართუმ“ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, როგორც ეს აქამდე იყო, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, როდესაც ჩვენ ბიუჯეტს დავაზუსტებთ შემდეგ ჩვენ დაფინანსების წყაროებს გადავწყვეტთ“, - განაცხადა თურნავამ.

მთავრობა საკითხზე უფრო კონკრეტულ საუბარს ცოტა ხანში შეძლებს. „28 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მისიას ველოდებით, რომელიც თავისი კონსულტაციით გვეხმარება ამ პროექტის სწორ ორგანიზებაში და ამ დროისთვის ვიქნებით მზად, რომ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ“, - დასძინა თურნავამ.

„ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი კი ამბობს, რომ ფონდი ყოველთვის გვერდში ედგა სახელმწიფოს და იქ ეხმარება, სადაც მას უჭირს და არ აქვს შესაბამისი სახსრები.

„როცა სახელმწიფოს გაუჩნდა საკუთარი სახსრები მან თავად განაგრძო ამ პროექტის განხორციელება. თუ სახელმწიფოს კვლავ ექნება იმის საჭიროება, რომ ფონდი „ქართუ“ დაეხმაროს, ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტი, პიარტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ პროექტი მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო რეგიონების განსავითარებლად, თუმცა ვერც ის ხვდება რატომ შეჩერდა პროცესი.

„ეს პროექტი იმთავითვე არ მოიაზრებოდა კომერციულ პროექტად. რეგიონებში და განსაკუთრებით მაღალმთიანეთი წვდომა არ არის ინტერნეტზე და შესაბამისად, შეზღუდულია ინფორმაციის ყველა გზით მიღებაც. ყველა მხარე თანხმდებოდა, ამ დიდი პროგრამის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზეც.

ეკონომიკის მინისტრი დაბეჯითებით ამბობს „ქართუს“ უარი არ უთქვამსო, მაშინ ჩნდება კითხვა - უარი თუ არ თქვა, რატომ არ დაწყებულა პროცესი ჯერ კიდევ? ვფიქრობ, მონდომებისა და როგორც ფინანსური, ასევე კვალიფიციური კადრების არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია დათქმულ ვადაში მოესწროს ინტენეტიზაცია, თუმცა აქამდე რომ არაფერი გაკეთებულა ამისათვის, ესეც ფაქტია“, - განაცხადა პირმისაშვილმა.