მინსკში „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ თანამშრომელი ანა ბოგაჩევა დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო დააკავეს. 2018 წელს აშშ-მა ბოგაჩევას სანქციები დაუწესა.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა, რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს. ამ საქმეში ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი ფიგურირებენ.
„ტროლების ფაბრიკას“ „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ უწოდებენ, რომელიც რუსმა მეწარმე ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. ბიზნესმენს, ხშირად, „პუტინის პირად მზარეულად“ მოიხსენიებენ, რადგან ის არაერთხელ იყო რუსეთის პრეზიდენტის მიღებების ორგანიზატორი. „ინტერნეტ-კვლევების სააგენტო“, როგორც ამას თავად ორგანიზაციის თანამშრომლები ყვებოდნენ, სოცქსელებში „საჭირო“ მიმართულების პოსტებს არარსებული ადამიანების სახელებით მასობრივად აქვეყნებდა.