სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთის მთავრობამაც შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია. ევროპელ პარტნიორებთან ერთად კოორდინაციის გზით ესპანეთი აღარ გასცემს ლიცენზიებს თურქეთში იარაღის ექსპორტზე, რომელიც ანკარამ სირიაში შეიძლება გამოიყენოს. უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.
თურქეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები მოყვა, რაც სირიელი ხალხის მძიმე მდგომარეობას აუარესებს, მიგრანტთა რიცხვს ზრდის და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება. თურქეთის ქმედებები სირიის ერთიანობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება და შესაძლოა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები გაამყაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება სულ ცოტა 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.