ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და სირიაში 2021 წლის არჩევნებამდე დაძაბულობის შემცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მოჰამედ ჯავად ზარიფმა საუდის არაბეთთან მოლაპარაკების აუცილებლობაზეც მიანიშნა და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ღიაა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოებას სირიაში შეჭრით დავიცავთ. არსებობს უკეთესი გამოსავალი, რომელსაც ჩვენს თურქ მეგობრებს ვთავაზობთ. ეს არის ადანის შეთანხმება, რომელიც სირიასა და თურქეთს შორის ისევ არსებობს. სირიის არმიას შეუძლია, თურქეთთან საზღვარი ანკარასთან ერთად დაიცვას“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
14 ოქტომბერს სირიის ხელისუფლებამ ქურთების დასახმარებლად თურქეთის საზღვართან სამხედროები გაგზავნა.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.