გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ემანუელ მაკრონის და ანგელა მერკელის შეფასებით, თურქეთის ქმედება რეგიონში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუწყობს ხელს.
ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა იმ არეულობის ფონზე, რომელიც ერთი მხრივ, ჩრდილოეთ სირიაში ანკარის ქმედებამ და მეორე მხრივ, Brexit-მა გამოიწვია. ორივე საკითხი ევროპელი ლიდერების დღის წესრიგში იყო.
მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორივე ლიდერი ცალ-ცალკე ესაუბრა როგორც ამერიკის, ასევე თურქეთის პრეზიდენტს და საერთო გზავნილია, რომ „შეტევა უნდა შეწყდეს“.
თავის მხრივ, მერკელმა თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა და უთხრა, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეჭრა უნდა დასრულდეს.
თურქეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 525 ტერორისტი გაანეიტრალა. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.
13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.
„განადგურებულია თურქეთის არმიის 7 ტანკი, მოკლულია 75 თურქი ჯარისკაცი და შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლი, კიდევ 19 დაიჭრა“, - ნათქვამია ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების „დემოკრატიული სირიის ძალების“ განცხადებაში.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.