სირიელი ქურთების თვითმმართველობის ინფორმაციით, მათ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თურქეთთან საზღვარზე ბაშარ ასადის მთავრობა დამატებით ძალებს გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გარდა ამისა, ქურთების მიერ კონტროლირებადი „სირიის დემოკრატიული ძალების“ ინფორმაციით, აინ ისას ბანაკიდან „ისლამური სახელმწიფოს“ უცხოელი მებრძოლების 800-მდე ოჯახის წევრი გაიქცა.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.
13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.
„განადგურებულია თურქეთის არმიის 7 ტანკი, მოკლულია 75 თურქი ჯარისკაცი და შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლი, კიდევ 19 დაიჭრა“, - ნათქვამია ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში.