იაპონიაში ტაიფუნის შემდეგ სამაშველო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს

იაპონიაში ტაიფუნის შემდეგ სამაშველო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შემდეგ სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჰაგიბისი“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რაც კი იაპონიას დასტყდომია თავს. სტიქიას სულ ცოტა 37 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაკარგულად მიიჩნევა.

ტაიფუნმა ასევე გავლენა მოახდინა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე. ათასობით პოლიციელი, მაშველი, სანაპირო დაცვის თანამშრომელი და სამხედროა ჩართული სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში. ტაიფუნი განსაკუთრებით დაატყდა თავს იაპონიის რვა პრეფექტურას, სადაც ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევდა.

სტიქიის შემდეგ გამოწვეული წყალდიდობის გამო დაიტბორა 10 სწრაფმავალი მატარებელი, თითოეულის ღირებულება კი 30 მილიონი დოლარია.

ქვეყნის მასშტაბით 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, 120 ათასი ადამიანი კი სუფთა წყლის დეფიციტს განიცდის. 7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, მაგრამ მათგან მხოლოდ 50 ათასამდე რჩება თავშესაფრებში.