რუმინეთში პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების გამო მთავრობა დაიშალა. კენჭისყრა „ნაციონალ ლიბერალების“ მიერ იყო ინიცირებული.
მას საკანონმდებლო ორგანოში მოქმედმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭრა მხარი. მთავრობის ოპონენტები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდობლობა გამოცხადებულ მმართველ ძალას კი ახალი მთავრობის ფორმირება სურს.
რუმინეთში 2016 წელს ჩამოყალიბებული მმართველი კოალიცია აგვისტოში დაიშალა. სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) ერთ-ერთმა ლიდერმა კელინ პოპესკუ-ტერიჩანუმ განაცხადა.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები რუმინეთში 2020 წლის ბოლოს უნდა გაიმართოს. მოქმედ პარლამენტში სოციალ-დემოკრატებს 465-დან 205 ადგილი უკავიათ.
ALDE-სა და PSD-ს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალ-დემოკრატებმა ვიორიკა დენჩილე 2019 წლის 10 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად წარადგინეს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში ხმათა 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, 24 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სოციალ-დემოკრატები რუმინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვან როლს ასრულებენ, 2000 წლიდან მათი კანდიდატი პრეზიდენტი არ გამხდარა.