აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდანტი ჯო ბაიდენი „კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Times-ი ავრცელებს.
ქალაქ მინეაპოლისში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა ჯო ბაიდენსა და მის ვაჟზე ჰანთერ ბაიდენზე ისაუბრა.
„მინდა, რომ ვინმემ ჰანთერ ბაიდენს შემდეგი კითხვა დაუსვას: შენ არაფერში ერკვევი და ნამდვილი ლუზერი ხარ. როგორ მიიღე ჩინეთისგან 1,5 მილიარდი? არც მამაშენი ითვლება ჭკვიანად. ის არასდროს ყოფილა ჭკვიანი სენატორი. ის კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“, - განაცხადა ტრამპმა.
ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივას დაუჭირა მხარი.
სექტემბერში აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა (.პდფ) გამოქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს.