სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაციის შედეგად ათობით ქურთი მებრძოლია მოკლული, გარდაიცვალა 11 მშვიდობიანი მოსახლე. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გარდა ამისა, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა თურქი სამხედროს გარდაცვალებაც დაადასტურეს. სულ მცირე 60 ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 277 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული.
„ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორიის“ ინფორმაციით, თურქული ჯარის კონტროლის ქვეშ 10-ზე მეტი სირიული სოფელი გადავიდა.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. აშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.