ერთ კვირაში პარლამენტი თუთუნის გაძვირების სქემას დაამტკიცებს

ერთ კვირაში პარლამენტი თუთუნის გაძვირების სქემას დაამტკიცებს

თუთუნის გაძვირებას საპარლამენტო კომტეტებმა მწვანე შუქი აუნთეს. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხია და ამას პარლამენტი უახლოეს მომავალში აღასრულებს. ასე რომ, მალე თუთუნიც საკმაოდ გაძვირდება, რაც მთავრობისადმი უკმაყოფილო ხალხის მასას კიდევ უფრო გაზრდის.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს და დადგენილი პროცედურების შემდეგ ძალაში შევა. ახალი ნორმა იანვრიდან ამოქმედდება და სწორედ იმ პერიოდიდან გაძვირდება თუთუნიც.

წარდგენილი დოკუმენტით, თამბაქოს ნედლეულზე წესდება 60-ლარიანი გადასახადი - ერთ კილოგრამზე, რაც 100 გრამ თუთუნზე 6 ლარს შეადგენს. დღევანდელი ნულოვან დაბეგვრასთან შედარებით ეს საკმაოდ ნახტომისებური მატებაა და შესაბამისად თუთუნიც საგრძნობლად გაძვირდება.

ასაწონი თუთუნის დაბეგვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაახლოებით ერთი თვის წინაც ისაუბრა.

„ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება. რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი, ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ აქციზი დაწესდება ელექტრონულ სიგარეტებზეც.

არასამთავრობო სექტორიც თუთუნზე აქციზით დაბეგვრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებლის გიორგი ბახტურიძის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია თამბაქო და იგი არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი:

„თუთუნი სარისკო პროდუქტად რჩება. აქამდე არსებულ რეგულაციებსაც არავინ იყენებდა, რამაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება თუთუნი და ეს სერიზული პრობლემაა, თუმცა გადაუწყევეტელი არ არის. უნდა გამკაცრდეს და ყურადღება მიექცეს ამ რეგულაციებს. იანვარ-თებერვალში უნდა მომხდარიყო ცვლილება, ახლაც არ არის გვიანი, თუმცა ხალხი კიდევ აღშფოთდება და მთავრობას დაადანაშაულებს, არადა რეალურად მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

მომავალში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მკურნალობა ამ ადამიანებისთვის, ვინც თამბაქოზე დამოკიდებულია. სოციალურად დაუცველი მწეველებისათვის კი, რომელთაც აქვთ კონკრეტული დაავადებები, რაზეც პირდაპირი გავლენა აქვს თამბაქოს მოხმარებაას, მკურნალობა უნდა იყოს უფასო. სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ფასის ზრდაც ამას უკავშირდება“, - აღნიშნა თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებელმა.