სამოქალაქო პირები სირიის საზღვრისპირა ქალაქებს ტოვებენ, მას შემდეგ რაც თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ იერიში მიიტანა. როგორც Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, სირიის ქალაქები რას-ალ-აინი და თელ-აბიადი ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა.
თურქეთის ჯარმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.
საბრძოლო მოქმედებების დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე დაადასტურა.
თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.
მის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარი გაიყვანა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში „ეკონომიკის განადგურებით“ დაემუქრა.
ევროკომისია და ნატო თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Reuters წერს.