აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციისთვის „მწვანე შუქი“ არ აუნთია. ამის შესახებ BBC წერს.
ამასთან, მაიკ პომპეომ სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ დონალდ ტრამპის პოზიცია დაიცვა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა თურქეთი სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების გამო გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ამ თავდასხმას მხარს არ უჭერს და თურქეთს მიანიშნა, რომ ეს ოპერაცია ცუდი იდეაა.
ოპერაციის დაწყებას ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურნენ.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. აშშ-მა სირიიდან ჯარის გაყვანა 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
ქურთებმა ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება „ზურგში დანის ჩარტყმად“ აღიქვეს, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ქურთები არ მიატოვა და თურქეთს საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა.