ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის კომიტეტმა 85-გვერდიანი ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც "ტროლების ქარხანა" რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა.
სენატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ "ტროლების ქარხანა" სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობდა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, თვალსაჩინოდ უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს და ხელს უშლიდა ჰილარი კლინტონს კამპანიის ჩატარებაში.
ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ კრემლი მნიშვნელოვნად უჭერდა მხარს "ტროლების ქარხანას".
ანგარიშში წერია, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა ისევ სცადოს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენა.
ეს აშშ-ის დაზვერვის კომიტეტის ანგარიშის მეორე ნაწილია, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება. პირველ ნაწილში სენატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, თუმცა შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ბრალდება მკაცრად უარყო. ასევე უარყო დონალდ ტრამპმაც.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა. საქმის გამომძიებელი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი თანამდებობიდან 29 მაისს გადადგა.