რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი ირანში ჯაშუშობის გამო არ დაუკავებიათ. ამის შესახებ Meduza წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეირანში ირანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალი რაბიიმ გააკეთა.
„რამდენადაც მე ვიცი, დაკავების მიზეზი ვიზის მიღებას უკავშირდება“, - განაცხადა მან.
ინფორმაცია ჟურნალისტის დაკავების შესახებ 4 ოქტომბერს გავრცელდა. მაშინ დაკავების მიზეზად ჯაშუშობა სახელდებოდა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იუზიკს ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლებენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. რუს დიპლომატებს იუზიკთან შეხვედრის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ აძლევენ.