ქურთებმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს

ქურთებმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს

ქურთული დაჯგუფებები სირიიდან ამერიკული ჯარის გასვლას ღალატად მიიჩნევენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერმა ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.

აქამდე ქურთული შენაერთები სირიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო. ისინი ამერიკელებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებოდნენ. თუმცა თურქეთი ამ დაჯგუფებებს ტერორისტებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას აპირებს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილება Twitter-ის გვერდზე განმარტა. „დროა გამოვეთიშოთ ამ სასაცილო, დაუსრულებელ ომებს და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. იქ ვიბრძოლებთ, სადაც ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება და მხოლოდ გამარჯვებისთვის“, - დაწერა ტრამპმა.

თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დღეს დაიწყო. ასე ვაშინგტონი თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს.