ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა

ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა

თუ თურქეთის ქმედებები საზღვრებს გასცდება, მის ეკონომიკას მთლიანად გავანადგურებ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„როგორც ადრე ვთქვი, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ თურქეთი გააკეთებს რაიმე ისეთს, რასაც მე ჩემი დიდი გამოცდილებით ჩავთვლი,რომ საზღვრებს გასცდა, სრულად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას. ევროპელებთან და სხვებთან ერთად, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს. აშშ-მა გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, მათ შორისაა ისლამური სახალიფოს 100 პროცენტის დაკავება. ახლა დროა, რეგიონის წევრებმა, რომლებსაც უზარმაზარი ქონება აქვთ, რომ დაიცვან თავიანთი ტერიტორია. აშშ დიდებულია“, – წერს დონალდ ტრამპი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

დონალდ ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილება Twitter-ის გვერდზე განმარტა. „დროა გამოვეთიშოთ ამ სასაცილო, დაუსრულებელ ომებს და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. იქ ვიბრძოლებთ, სადაც ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება და მხოლოდ გამარჯვებისთვის“, - დაწერა ტრამპმა.

თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დღეს დაიწყო. ასე ვაშინგტონი თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს.