თურქეთში გერმანიის ხუთი მოქალაქე ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ეს ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ დაკავებულებს საკონსულოს მხრიდან შესაბამისი დახმარება გაეწიათ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის ხუთ მოქალაქეს თურქეთში არალეგალური ორგანიზაციის წევრობას და პროპაგანდის გავრცელებას აბრალებენ, თუმცა არ კონკრეტდება რომელ ჯგუფზეა საუბარი.
2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ბევრი გერმანელი აღმოჩნდა თურქული გამოძიების სამიზნე, მათ ძირითადად პროქურთულ ძალებთან, კერძოდ კი "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირში სდებენ ბრალს, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს.
როგორც DW წერს, 2017 წელს არაერთი გერმანელი დააკავეს თურქეთში, მათ შორის აქტივისტები და ჟურნალისტები, რის გამოც ბერლინსა და ანკარას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გამწვავდა. დაკავებულებიდან თურქეთის დატოვების შესაძლებლობა ბევრს მიეცა, თუმცა მათ საქმეებზე სასამართლო განხილვები გრძელდება.