პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრის ანტონიუ კოშტას სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი მანდატები მას არ მიუღია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ხმათა 50%-ზე მეტის დათვლის შემდეგ სოციალისტურ პარტიას 36,7% აქვს მიღებული. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა.
კოშტას განცხადებით, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის სურვილია, ქვეყანას სოციალისტების, „მემარცხენე ბლოკისა“ და კომუნისტების კოალიცია მართავდეს.
არჩევნებში 21 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, თუმცა 230-ადგილიან პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსები მათგან მხოლოდ 6-ს ჰქონდა. 2015 წლის არჩევნებზე პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატები გავიდნენ, თუმცა სოციალისტურმა პარტიამ მემარცხენე პარტიებთან კოალიცია შექმნა და მთავრობა ჩამოაყალიბა.