ტრამპმა ნენსი პელოსი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა

ტრამპმა ნენსი პელოსი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და მისი „დაუყოვნებლივი იმპიჩმენტი“ მოითხოვა.

ტრამპის თქმით, პელოსიმ იცოდა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადამ შიფის „ტყუილისა და მასობრივი მაქინაციების“ შესახებ.

„შესაბამისად, ადამ შიფთან ერთად ყველა მძიმე დანაშაულსა და სახელმწიფო ღალატში ბრალი ნენსი პელოსისაც მიუძღვის. ყველას მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა, დაუყოვნებლივ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

სექტემბერში აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს. 6 ოქტომბერს ტრამპის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი დაზვერვის კიდევ ერთმა  თანამშრომელმა დაწერა.