ევროკავშირი კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, იქნება თუ არა შესაძლებელი Brexit-ზე შეთანხმება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, მოლაპარაკებები ახლა სწრაფ ტემპში უნდა გაიმართოს, რათა გამოჩნდეს "პატივს სცემს თუ არა ეს შეთანხმება ევროკავშირის პრინციპებს".
თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთი გაერთიანებაში დარჩება. Bრეხიტ-ზე შეთანხმების დეტალები 19 ოქტომბრამდე უნდა დაზუსტდეს.
ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტი 2 ოქტომბერს შესთავაზა.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს, რისთვისაც ლონდონი და ბრიუსელი მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.