ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ახალი ბალისტიკური რაკეტის ტესტირება დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოცდა წარმატებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რაკეტის გამოცდის უკვე მეთერთმეტე შემთხვევა იყო. თუმცა როგორც BBC წერს, ბოლო ტესტირება ფხენიანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან წყალქვეშა რაკეტა ჩრდილოეთ კორეისთვის ნიშნავს, რომ ძალიან შორ ტერიტორიაზე შეუძლია იარაღის გაშვება.
რაკეტების გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები განახლდება. ჯერ უცნობია, თუ სად გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრა მხარეებს შორის, თუმცა ცნობილია, რომ მოლაპარაკებები 5 ოქტომბერს შედგება.
მოლაპარაკებების განახლებაზე ქვეყნების ლიდერები დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2019 წლის ივნისში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე ხანმოკლე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.