რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით იხუმრა და თქვა, რომ რუსეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მას რეპორტიორებმა ჰკითხეს, რუსეთის მიერ 2020-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, რაზეც პუტინმა უპასუხა: "საიდუმლოს გეტყვით: კი, ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ამას", - თქვა პუტინმა, "მხოლოდ არავის უთხრათ", - დაამატა მან.
"ჩვენი ჩვენი საკმარისი პრობლემები გვაქვს და ჩვენი შიდა პრობლემების მოგვარებით ვართ დაკავებულები", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში OPEC-ის გენერალურ მდივანთან, მოჰამედ ბარკინდოსთან და სხვებთან ერთად მონაწილეობს.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა. საქმის გამომძიებელი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი თანამდებობიდან 29 მაისს გადადგა.