მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაგვიანებული ბრძოლა განადგურებული ლარის გადასარჩენად

მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაგვიანებული ბრძოლა განადგურებული ლარის გადასარჩენად

ყველასთვის მოულოდნელად ეროვნული ბანკი ყოველდღე დაუღალავად იბრძვის ლარის გასამყარებლად. სულ რამდენიმე კვირის წინ ეს ამბავი მას არ ადარდება და ცოტა უფრო ადრე ცეტრალურ ბანკში მხრებს იჩეჩავდნენ, რა შუაში იყო მათთან ლარის გაცვლითი კურსის ფორმირება. ახლა კი ყველაფერი ელვისებურად შეიცვალა. კობა გვენეტაძის უწყებამ, დღე არ გავა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგას ლარის გასამყარებლად, თუმცა ჯერ შედეგი მაინც არ ჩანს.

ამჯერად სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 30%-დან 25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კურსის დასტაბილურებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის შეჩერების მიმართულებით.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებდა, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, პირიქით, დარეზერვების მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აპრილში აღნიშნული კოეფიციენტი 25%-და 28%-მდე გაიზარდა, ხოლო მაისში 30%-მდე. მაშინ მთავრობა და კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს ერთხმად იწონებდნენ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

ცენტრალური ბანკის ნაბიჯი მაშინვე მოიწონა ახალმა პრემიერმა. „ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. ის ნაბიჯი, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, კერძოდ, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება, მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, კურსის დასტაბილურება ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კოორდინაციით განხორციელდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფინანსური ფასების სტაბილურობა, რადგან გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი“, - დასძინა გახარიამ.

გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ეკონომიკის მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სებ-ი სრულად ფლობს ყველა აუცილებელ ბერკეტს, რათა საჭირო დროს მოახდინოს გარკვეული კორექცია.

„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად დადებითად აისახება ლარის კურსზე და ასევე დადებითად საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე, რადგან ეს არის 700 მლნ დოლარის რესური, რომელიც ისევ ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს მოხმარდება და იმავდროულად გაამყარებს ლარის კურსს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსი 7-8%-ით ზედმეტად არის გაუფასურებული. სახეზეა გადაჭარბებული რეაქცია ბაზარზე, რისი მიზეზიც შეიძლება ლარისადმი დაბალი ნდობა იყოს, რომელიც თავის მხრივ სოციალურმა თუ პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა.

„მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, ის არის უფრო მაღალი, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია და ამიტომ არ შეიძლება, ფუნდამენტური პარამეტრების ნეგატიურ ფაქტორებზე ვისაუბროთ.

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ საქმე გვაქვს გადაჭარბებულ რეაქციასთან, რომელიც ბაზრებზე არსებობს. ეს გადაჭარბებული რეაქცია არის 7-8%-ის ფარგლებში. ასეთი გადახრა წონასწორული კურსისგან ხდება ყოველწლიურად და ყოველწლიურად კურსი უბრუნდება ნორმალურ დონეს. ჩვენი ვარაუდია, რომ კურსი აუცილებლად დაუბრუნდება მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულს.

დღეს ერთადერთი ნეგატიური მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს არის სავალუტო კურსი. სხვა ყველაფერი - ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - არის სტაბილური და პოზიტიური. საქმე გვაქვს იმ გარემოებასთან, რასაც ჰქვია გადაჭარბებული რეაქცია.

7-8%-იანი გადაჭარბება საკმაოდ მაღალია, ალბათ ეს სტრუქტურული პრობლემაა. ნდობა ბოლო პერიოდში შეირყა. ხშირად ხდება ასეთი გადახრები, რომლის ბიძგად პოლიტიკური ან სოციალური გარემოებები გვევლინება, რაც მოხდა ჩვენს შემთხვევაში“, - განაცხადა ნიკო გაგუამ.

არც სამთავრობო გუნდს, არც კომერციული ბანკის წარმომადგენელს და არც თავად დღევანდელი ცვლილების ავტორს, არაფერი უნთქვამთ, იყო თუ არა დღემდე სებ-ის მეირ გადადგმული ნაბიჯები შეცდომა.

წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე არც ბანკირები საუბრობენ. „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ცვლილების მხოლოდ სამომავლო გავლენა შეაფასა.

„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანაში გაჩნდება უცხოური ვალუტის დამატაბითი რესურსი, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზოს მომხმარებელს. უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, კი თავის მხრივ გაზრდის უცხოურ ვალუტის მიწოდებას, შეამცირებს ლარზე წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას“, - განაცხადა ბუცხრიკიძე.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე კი სებ-ის გადაწყვეტილებით ინფლაციური წნეხის შემცირებას და ლარის კურსის დასტაბილურებას ელის.

„ვფიქრობთ, ლარის გაცვლითი კურსი ზედმეტად არის გაუფასურებული. ამ ფონზე რეგულატორის მიერ დღეს და ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის კურსის დასტაბილურებას“, - აღნიშნა თხელიძემ.

სოციალისტი სტატია ჯერ არ წამიკითხავს. ნამდვილად დაგვიანებულია. კარგა ხნის წინ დავწერე, რომ 21-22 ივნისს (ის ღამე რომ გათენდა) უნდა მიეღოთ სათანადო ზომები, კერძოდ, პირველ დღეს უნდა გამოეტანათ გასაყიდად 20 მილიონი, 3-4 დღეში კიდევ 20. შემდეგ პირველი შოკის გადავლის
და სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად უნდა შეემცირებინათ. სულ 5--60 მილიონი იქნებოდა საჭირო!
5 წლის უკან
სოციალისტი 50-60
5 წლის უკან