ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70-ე იუბილესთან დაკავშირებით ჰონგ-კონგში 1-ელ ოქტომბერს განვითარებული მოვლენები ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე ქაოსური და ძალადობრივი იყო. ამის შესახებ ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსმა სტეფენ ლომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თითქმის ოთხთვიანი დემონსტრაციების განმავლობაში, 1-ელ ოქტომბერს პოლიციამ პირველად ესროლა დემონსტრანტს ცეცხლსასროლი იარაღიდან და დაჭრა გულმკერდის არეში. 18 წლის ახალგაზრდა გადარჩა.
აქციის მონაწილეებს შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ბეზინისგან დამზადებული ასაფეთქებლები ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გუშინ მძიმე დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა აქციის ფარგლებში 180 ადამიანი დააკავეს, საავადმყოფოებში 104 ადამიანი მოხვდა, დაშავდა 25 პოლიციელი.
პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სამხედრო აღლუმი გაიმართა. ცერემონიაში 15 000 ჯარისკაცი, 150-ზე მეტი თვითმფრინავი, 580 ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. აღლუმი ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჩაიბარა.
ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა.
მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდა, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვდნენ, რაც რამდენიმე ხნის წინ ჰონგ-კონგის მთავრობამ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშუა ვონმა განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვის გაუქმება უკვე გვიანია და მთავრობამ აქტივისტების სხვა მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს. მანამდე ვონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.