ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ბალტიკ პლუს“ ჯგუფის შექმნას, რომელშიც უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გაერთიანდნენ, ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა.
განცხადება Facebook-ის გვერდზე რუსეთის საგარეო საქმეთა პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გამოაქვეყნა.
„ისინი თავის ამოცანად ყირიმის ანექსიის არაღიარებას აცხადებენ. რა ყოჩაღები არიან - ქმნიან ჯგუფებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას აგრძელებს, ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკას. როგორ შეიძლება აღიარო ის, რაც არ ყოფილა. ანექსია არ ყოფილა და ამიტომაც ასაღიარებელიც არაფერია“, - წერს ზახაროვა.
1 ოქტომბერს საქართველომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნება და ხმის უფლების აღდგენა გააპროტესტეს. ისინი ასევე არ დაესწრნენ ევროსაბჭოს 70 წლის იუბილესადმი აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებას.
ამავე განცხადების თანახმად, ხუთმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ჯგუფი, სახელწოდებით Baltic+ Group. ჯგუფი ევროპის საბჭოს ღირებულებების დაცვის მიზნით საერთო პოზიციისა და მოქმედებების შესაჯერებლად მუდმივად გამართავს შეხვედრებს. Baltic+ Group-ი სხვა დელეგაციებისთვისაც ღია იქნება.
5 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას საქართველოდან ხელს თამარ ჩუგოშვილი აწერს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რომელსაც 116 მომხრე და 16 წინააღმდეგი ჰყავდა, რუსეთის სათათბიროს წევრები საპარლამენტო ასამბლეაზე სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდნენ. დელეგაცია ასევე მონიტორინგის და ასამბლეის სხვა კომიტეტების მუშაობაში ჩაერთო.