მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ყველა მიმართულებით მატულობს ანაზღაურება და სოციალური გასაცემელი. იზრდება ინფრსტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც.
პრემიერ-მისიტრ გიორგი გახარიას განცხადებით 2020-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. ყველა მათგანი ბიუჯეტის ხარჯზე გაზრდილ შემოსავალს უნდა ელოდოს.
„ბიუჯეტი მთელი ჩვენი გუნდის შრომის შედეგია, მასში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს. წარმოდგენილი დოკუმენტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. იგი მოქალაქეთა საჭიროებებზეა დაყრდნობილი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ პასუხისმგებლობებს. უპირველესად, ეს არიან ბავშვები, ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებზე“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.
2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ. პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევე, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული.
„ჩვენი სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი ამბობს, რომ მომავალი წლისთვის მარტო ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამიტომ დაფინანსება სხვა მიმართულებითაც გაიზრდება.
გარდა ამისა, 2020 სასწავლო წლისთვის სკოლის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით იმატებს. იზრდება საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ჯამაგირიც.
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება, საშუალოდ, 100 ლარით“, – განაცხადა პრემიერმა.
მომავალი წლიდან სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და ექიმების ხელფასების მატებაცაა გათვალისწინებული. სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ, 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, უპირველესად იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, სამართალდამცავები და ექიმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საბოლოო ჯამში კი, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობამ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ით განსაზღვრა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. რაც შეეხება შემოსულობებს, მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში 14,040 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს. საგადასახადო შემოსავლები 10,320 მილიარდი ლარი გაიწერა, გრანტები 200 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები 515 მილიონი ლარი. გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა კი 14,211 მილიარდი ლარია.
მომავალი წლისთვის მთავრობა 1,855 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს, ხოლო საშინაო ვალი 900 მილიონი ლარით გაიზრდება.