აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქესა და 3 კომპანიას სანქციები დაუწესა.
უწყების ცნობით, დენის კუზმინი და იგორ ნესტეროვი ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოსთან“ არიან დაკავშირებულები.
კომპანიები, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ასევე პრიგოჟინთან არიან დაკავშირებული. აკრძალვები ასევე გავრცელდება ერთ გემსა და 3 თვითმფრინავზე, რომლებიც ამ კომპანიების საკუთრებაშია.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს.
სწორედ ბრალდებულებს შორისაა ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევენ. პრიგოჟინს უკავშირებენ "ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოს" - "ტროლების ფაბრიკას", რომლის თანამშრომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს წერენ.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.