აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის ადამ შიფის განცხადებით, კონგრესმა გადაწყვიტა რომ მოიპოვოს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, ასევე ტრამპსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან არსებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადამ შიფის განცხადებით, კონგრესის გადაწყვეტილება ეფუძნება იმ შიშებს, რომ ტრამპს შესაძლოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დაეყენებინა. ეს ეჭვები ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაჩნდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება.
"ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დაცული შეერთებული შტატების უსაფრთხოება, ასევე უნდა გაირკვეს პრეზიდენტმა შეარყია თუ არა ქვეყნის საფრთხე სხვა მსოფლიო ლიდერებთან, ძირითადად კი პუტინთან საუბრით, ცდილობდა რა მიეღო [საპრეზიდენტო] კამპანიისთვის სარგებელი", - განაცხადა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
28 სექტემბერს The New York Times-მა დაწერა, რომ თეთრმა სახლმა ტრამპის რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერზე წვდომა შეზღუდა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა საჭიროდ მიიჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ასევე, ტრამპისა და საუდის არაბეთის პრინცის სატელეფონო საუბრის ჩანაწერების ნაწილი არ გასაჯაროვდეს.
ამ საუბრების შინაარსი თავად თეთრის სახლის თანამშრომლებისთვისაც უცნობია.
ტრამპის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გავრცელების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი იყო. ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. ამის გამო გაჩენილი კრიტიკიდან მალევე თეთრმა სახლმა ტრამპსა და ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. იმპიჩმენტის პროცედურას კი ამერიკელების 47% მხარს უჭერს.