პარასკევს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ამან ვითარებას დიდად ვერ უშველა. ლარი სულ რაღაც 2 პუნქტით გამყარდა და გაცვლითი კურსი 2.9550-ის ფარგლებში გაჩერდა. როდესაც ამ მასშტაბის ინტერვენცია ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს, ესე იგი ქვეყანაში დოლარის კატასტროფული დეფიციტია.
სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, თუმცა მთავრობაში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ გაურკვეველ თეორიებზე დაფუძნებულ ოპტიმიზმს. ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ გამყარებას დაიწყებს. ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ.
„მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია, ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორებიც, რამაც ეს გამოიწვია.
მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ, მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუა. მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა (ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა), ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შედარებით ფრთხილობენ თავის შეხედულებებში ბანკირები, თუმცა ბოლო პერიოდში ისინიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ ეროვნული ვალუტა გამყარებისკენ უნდა წავიდეს. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, სებ-ის ბოლო ინტერვენცია რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს, ამას დრო აჩვენებს, თუმცა ცენტრალური ბანკის ნაბიჯი მისასალმებელია.
„ლარი უფრო შესუსტებულია, ვიდრე ამას ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. აქედან გამომდინარე, განწყობები და ნდობა ლარზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. შესაბამისად, ამ ნდობას და განწყობებს გაუმჯობესება უნდა და ამ კუთხით ინტერვენცია შესაძლოა, დროულიც კი იყოს“, - განაცხადა „საქბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
უფრო მეტ აქტიურობას და გადამწყვეტ ნაბიჯებს ითხოვენ საბანკო სფეროს სპეციალისტები. ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ეს თანხა არ ეყოფა სავალუტო ბაზრის დასტაბილურებას და სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი.
„40 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელიც სავალუტო ბაზარს დაასტაბილურებს. რეალურად, ახლა ეროვნულ ბანკზე არის ზეწოლა, რომ კურსი გაამყარონ, თუმცა ამ ფორმით დასტაბილურება ვერ მოხდება, შეიძლება მცირედი სხვაობა იყოს და ესეც დროებით. ეროვნულმა ბანკმა უნდა იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ იყოს რეალური შედეგი სახეზე. ცალ-ცალკე მუშაობით ამ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებთ. მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის დროა, თუმცა ეს საქართველოს მთავრობას არ აწყობს. ჩვენთან ეკონომიკა არ იმართება ეკონომიკური მეთოდებით, რადგან პოლიტიკა დომინირებს“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.
ბოდიშს ვუხდი ჭეშმარიტ ქართველ პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს. ეს შეკითხვა მათ არ ეკუთვნით!