ესპანეთის კათოლიკური ეკლესია თანახმაა, რომ დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს, წერს France24.
ესპანელი დიქტატორის ცხედარს მადრიდის მავზოლეუმიდან გამოასვენებენ. ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ამ საკითხზე შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა. გადაწყვეტილებას ფრანკოს შთამომავლები აპროტესტებენ. ასევე ამ პროცესის წინააღმდეგია სანტიაგო კანტერა, რომელიც ბენედიქტის ბერების მოძღვარია და იმ მავზოლეუმს მართავს, სადაც დიქტატორია დაკრძალული.
მავზოლეუმი, რომელიც 1940 წელს აშენდა, 1936-39 წლებში სამოქალაქო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. ომში მილიონზე მეტი ესპანელი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს დიქტატორის სადიდებელი არ უნდა იყოს.
ფრანცისკო ფრანკომ 1936 წელს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და დაიწყო სამოქალაქო ომი რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ გერმანიის ნაცისტური და იტალიის ფაშისტური მთავრობების მხარდაჭერით. ომში გამარჯვების შემდეგ მან ქვეყანაში მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომში ესპანეთს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ფრანკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ფრანკოს გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე დევნიდნენ.
ფრანკო, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ 1936-39 წლებში ესპანეთს „რკინის ხელით“ მართავდა მავზოლეუმის დიზაინის ავტორია. მავზოლეუმი 20 000 ადამიანმა იძულებითი შრომის შედეგად ააგო.
ხელისუფლება გეგმავს, რომ დიქტატორ ფრანკოს ცხედრის ფრაგმენტები ელ პარდოში საგვარეულო სასაფლაოზე ცოლის გვერდით დაკრძალოს.
ესპანეთის სასამართლომ ფრანკოს გადასვენების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება 2019 წლის ივნისში შეაჩერა.