საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაიზარდა. ამით იმ მოქალაქეებს, ვისაც ეროვნული ვალუტის სესხი ცვლად განაკვეთზე ჰქონდა მიბმული, კრეიდიტის მომსახურება გაუძვირდებათ, თუმცა ეს არ არის სებ-ის სადარდებელი. გვენეტაძის უწყება ახლა ტყავში ძვრება და ცდილობს მთელ ქვეყანაში კატასტროფულად არ გაძვირდეს ცხოვრება და ინფლაცია არნახულ ზღვარზე არ ავიდეს.
ამიტომაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე. ამავე დროს, კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობაზეც აღნიშნა.
კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინი კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, აგვისტოს თვეში გაგრძელდა საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სავალუტო და სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება უმძიმესია. ქვეყანაში ყველა უწყება, საფინანსო კომპანია, ანალიტიკოსები თუ ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული და რეალური კურსი 20-25 პუნქტით დაბლა უნდა იყოს, მაგრამ ეროვნულ ვალუტას გამყარების ნიშანწყალი არ ეტყობა. უკვე ბანკირებიც კი პირდაპირ ამბობენ, რომ ამჟამინდელი დევალვაცია ნორმალური მოვლენა არ არის და ლარის გამყარებას პროგნოზირებენ, თუმცა ვადებს არავინ ასხელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა ტრიალებდეს. ეროვნული ვალუტა გამყარებისკენ უნდა წავიდეს და ამ კუთხით ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„კარგად გვესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის მარტივი მსესხებლისთვის და მათ უძვირდებათ ცხოვრება. შესაბამისად, ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, დღეს ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას საგარეო ფაქტორები არ ახდენს და საგარეო შოკები სახეზე არ არის.
„საგარეო შოკები არ გვაქვს. პირიქით, ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი შემცირებულია. ყველანაირი ფუნდამენტური მიზეზი არსებობს, რომ ლარი გამყარდეს. უბრალოდ, საჭიროა, ეკონომიკის ყველა მონაწილემ დაიჯეროს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და როგორც კი ეს რწმენა გაძლიერდება, დარწმუნებული ვარ, ლარიც გამყარდება“, – განუცხადა „პირველ არხს“ გაჩეჩილაძემ.