დემოკრატიული პარტიის წევრი, 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კერძოდ, ჰილარი კლინტონის განცხადებით, როცა აშშ-ის პრეზიდენტის ირგვლივ საგანგებო სიტუაციაა შექმნილი, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტრამპის სატელეფონო ზარს უკავშირდება, ეს მისი იმპიჩმენტის საბაბია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უკვე დაიწყო.
იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გახდა. მანამდე სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარმა გამოიწვია, რომლის შემდეგ აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.
ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გასაჯაროების განკარგულება გასცა.
იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას თავდაპირველად მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატის ნახევარმა, შემდეგ კი - სენატის 2/3-მა. ახლა სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, რაც ტრამპის იმპიჩმენტს ნაკლებად შესაძლებელს ხდის.
აშშ-ის ისტორიაში იმპიჩმენტის სამი მცდელობა იყო. პრეზიდენტები, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, იყვნენ: ენდრიუ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი და ბილ კლინტონი. ჯონსონი და კლინტონი სენატმა გაამართლეს, ნიქსონი კი მოსმენების დაწყებამდე თავად გადადგა თანამდებობიდან.