ქვეყნის მთავარი საპორტო ქალაქში მუშა-მოსამსახურეთა პროტესტმა პიკს უწია. გაფიცულია პორტი და საავადმყოფო, მათ მხარდამხარ დგანან პორტის ყოფილი თანამშრომლებიც.
გუშინ ფოთის პორტის 300-მდე მუშა-მოსამსახურემ უვადო გაფიცვა გამოაცხადა. ისინი პორტის მენეჯმენტს ხელფასების გაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის თაობაზე პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
„10 ოქტომბრის გაფიცვის შემდეგ, პორტის მენეჯმენტისგან მივიღეთ დაპირება, რომ გაიზრდებოდა ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები, თუმცა არც ერთი პირობა არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, დღეს ისევ გამოვაცხადეთ უვადო გაფიცვა, რომელიც ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება“, - აცხადებენ პორტის თანამშრომლები.
მიმდინარე გაფიცვას, პორტიდან წინა წლებში გათავისუფლებული პირებიც შეურთდნენ. როგორც ისინი ამბობენ, 2011 წელს 400-მდე თანამშრომელი სამსახურიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაუშვეს. იმ შემთხვევაში, თუ მათი სამსახურებში დაბრუნება არ მოხდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.
ფოთის პორტის თანამშრომლების გაფიცივასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პორტის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ქროულიმ. მისი მტკიცებით, თანამშრომლებმა თვიანათ მოთხოვნებზე პასუხი უკვე მიიღეს.
„ჩვენ გვესმის, რომ თანამშრომლებს აქვთ პრეტენზიები, მაგრამ არ მესმის, როცა ისინი ამბობენ, თითქოს დირექციისგან კონკრეტული პასუხები არ აქვთ. ჩვენ მათ გადავეცით გუშინ საღამოს პირობა, რომ რეზერვისტ თანამშრომლებსაც კი გაეზრდებათ ხელფასი 40%-ით, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმდება ყველა მათგანთან 1-ელ იანვრამდე, ჩვენი იურისტები ამ საკითხებზე უკვე მუშაობენ“, - განაცხადა ქროულიმ.
„ჩვენ გავეცანით მოთხოვნებს, ასევე გასაგებია პრობლემების წარმომავლობა და ვაღიარებთ თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების უფლებას მოგვმართონ თავიანთი საჩივრებით. 2013 წლის აპრილის თვეში მოხდება ყოველწლიური სახელფასო განაკვეთის გადახედვა კვალიფიკაციის, დამსახურებისა და ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით.
როგორც ყველასთვის ცნობილია სრულ განაკვეთზე მომუშავე ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის სრული დაზღვევით, რის ხარჯსაც კომპანია მთლიანად ფარავს. საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ. ჩვენი საშუალოზე მაღალი ხელფასების განაკვეთის, ჯანმრთელობის დაზღვევის და ყოველწლიური ანაზღაურების გადახედვა წარმოადგენს ჩვენი ვალდებულებების ნაწილს.
მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის შეწყვეტა თითოეული თანამშრომლის პრეროგატივაა, ჩვენ უნდა გვესმოდეს ხანგრძლივი გაფიცვით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. მაგალითად, გემთმფლობელები, რომლებიც ცდილობენ სხვა ნავსადგურებში შესვლას, შესაძლებელია არც ისე სწრაფად შემობრუნდნენ ფოთის ნავსადგურისკენ, რა გავლენას მოახდენს ნავსადგურის სამომავლო ზრდასა თუ ეკონომიკურ ბაზაზე ფოთში. ეს არის გლობალური და ძალზე კონკურენტული ბაზრის წესი. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ინვესტიციების განხორციელება თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაში ჩვენი ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით“, - აღნიშნავს ქროული თავის განცხადებაში.
როგორც ჩანს, პორტის ძველ და ამჟამინდელ თანამშრომლებს პორტის ხელმძღვანელთა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკისა ნაკლებად სჯერათ, ამიტომ გაფიცვის შეწყვეტას არც კი ფიქრობენ.
სანამ პორტში საპროტესტო ტალღა პიკს მიაღწევდა, ფოთში ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლები გაიფიცნენ. საავადმყოფოს ეზოში ექიმებმა თანამშრომლების გათავისუფლებასთან ერთად, დაბალი ხელფასები და საავადმყოფოში სპეცაპარატურის არარსებობა გააპროტესტეს.
საავადმყოფოს მფლობელ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაისა“ და ექიმებს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა, 1-ელ ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, ექიმების თქმით, თავის დროზე ხელმძღვანელობამ მათ განუმარტა, რომ ხელშეკრულება ავტომატურად გაუგრძელდებოდათ და მისი განახლება საჭირო არ იყო.
დაპირების საპირისპიროდ კი ცენტრალური კლინიკის ადმინისტრაციამ სამი თანამშრომელი: ნაირა ჯანელიძე (კადრების განყოფილების უფროსი), ნინო ნანობაშვილი (ქირურგი, მთავარი ექიმი) და ლია ცომაია (ოფთალმოლოგი) გაათავისუფლა. რამდენიმე დღის წინ კი საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე განსხვავებული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს ყელ-ყურის ექიმი არსენა ტუღუშიც.
გაფიცულების თქმით, მათი ოთხი წარმომადგენელი საავადმყოფოში შექმნილ მდგომარეობაზე ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას ესაუბრა. როგორც ექიმები აცხადებენ, საავადმყოფოს დღეს ისევ „ნაციონალური კლანი“ და „მონოპოლისტი ალდაგი“ მართავს, რომელიც 2011 წლიდან საავადმყოფოს მეპატრონეა. ეკა ბესელია გაფიცულებს საკითხის ჯანდაცვის კომიტეტში განხილვას და მინისტრთან შუამდგომლობას დაპირდა.
გაფიცულები კი უკვე ქმნიან საორგანიზაციო კომიტეტს, რომელიც პარლამენტში მოსმენებს დაესწრება და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდება. სიტუაციის გამოსწორებას გაფიცული მედპერსონალი ამის შემდეგ ელოდება.
მინიმალურ ხელფასზე საუბრობს ოფთალმოლოგი ლია ცომაია. „ხელფასს გამომუშავებით ვიღებდით, მაქსიმალური თანხა, რაც ხელფასის სახით აგვიღია 150 ლარი იყო. ისეც მომხდარა, რომ 99 თეთრი გამოგვიმუშავებია. სად გაგონილა, რომ ანესთეზიოლოგს 3 ლარი ჰქონდეს ხელფასი. თვის განმავლობაში პაციენტი რომ არ მოსულიყო, საერთოდ უხელფასოდ ვრჩებოდით“, - აღნიშნა ცომაიამ.
ამ დროისთვის ექიმები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების პაციენტებს ემსახურებიან.
ფოთის და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების საავადმყოფოები სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ საკუთრებაშია და უკვე დაწყებული აქვს პროცესი ამ კლინიკებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ.
პროფკავშირების ცნობით, „ალდაგი ბისიაი“ მედპერსონალს ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ფოთის, აბაშის, ხობისა და მარტვილის საავადმყოფოებიდან ითხოვს.
„ამით პროვოცირებას უწევს სპეციალურად იმას, რომ ამ კლინიკების სამედიცინო პერსონალმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყოს. პროფკავშირები სადაზღვევო კომპანიას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ, შესაბამის უწყებებს კი რეაგირებისკენ მოუწოდებს“, - აცხადებენ პროფკავშირებში.
სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ, მაია ივჩენკოს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული კლინიკები „ალდაგი“-ს შვილობილ კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკას“ ეკუთვნის, რომელიც საკადრო პოლიტიკას დამოუკიდებლად აგვარებს.
„ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სექტემბერში ამოქმედდა ახალი სახელმწიფო დაზღვევის პროექტი და პაციენტების გაზრდის შემთხვევაში მედპერსონალის დამატებითი რაოდენობა გახდა საჭირო.
„ამ პროექტის გამო, ჩვენ ველოდებოდით კლინიკებში პაციენტების რაოდენობის გაზრდას. ამიტომ სპეციალურად გვყავდა რამდენიმე პოზიციაზე აყვანილი დამატებითი კადრი. პაციენტების ნაკადის დასტაბილურებასთან ერთად, ნოემბრიდან ეს დამატებითი კადრი გადავიდა სარეზერვო თანამშრომლის რეჟიმში. მომავალში კლინიკაში შესაბამისი პოზიციის არსებობის შემთხვევაში, სარეზერვო თანამშრომლებს დამატებითი ტესტირების და გასაუბრების გარეშე დავასაქმებთ“, - აცხადებენ „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები.