საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯონსონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„დიდი ალბათობით, Aramco-ს ნავთობტერმინალებზე თავდასხმის უკან თეირანი დგას. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან სპარსეთის ყურეში შექმნილი დაძაბულობის მოხსნის გზებზე ვიმსჯელებთ. თუ საუდელები ან ამერიკელები ამ პროცესში ჩართვას გვთხოვენ, ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ“, - განაცხადა ჯონსონმა.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ საპასუხო ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ინტერვენცია ან ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იყოს.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბერის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენ. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა.