იტალიის ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთ კვირაში მეორედ ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები შეუშვა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციების SOS Mediterranée და „ექიმები საზღვრების გარეშე“ გემი Ocean Viking-ი, რომლის ბორტზეც 182 მიგრანტი იმყოფება, სიცილიის ქალაქ მესინას პორტში შევა.
ორგანიზაცია SOS Mediterranée-ს ცნობით, გემზე მყოფი ადამიანები 18 სექტემბერს ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინეს. იტალიის შსს-ს წარმომადგენელმა გამოცემა La Stampa-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ გემმა მესინას პორტში შესვლის ნებართვა მიიღო.
რამდენიმე დღის წინ Ocean Viking-მა იტალიაში კიდევ 82 მიგრანტი მიიყვანა. ეს იყო ბოლო 14 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო სამაშველო გემმა იტალიაში უკანონო მიგრანტების შეყვანის ნებართვა მიიღო. იტალიის წინა ხელისუფლება, კერძოდ კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი მიგრანტების მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებას ემხრობოდა.
23 სექტემბერს მალტაზე გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და მალტის შინაგან საქმეთა მინისტრების, ევროკავშირის თავმჯდომარე ფინეთის და ევროკომისიის წარმომადგენლების კონსულტაციები გაიმართება. ისინი ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების განაწილების მექანიზმის შექმნაზე ისმჯელებენ.