აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზენელსკისთან ივლისში სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან შემდგარი სატელეფონო ზარის მიზანი მისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა იყო, თუმცა კორუფციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ "არ გვსურს ჩვენმა ხალხმა, როგორებიც არიან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, კორუფციით უკრაინაშიც დაკავდნენ".
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია.
სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. საჩივრის ზუსტი შინაარსი უცნობია, თუმცა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
ტრამპმა „ფეიკმედია და მათთან შეკრული დემოკრატიული პარტია“ მისი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ბაიდენი არ უარყოფს, რომ 2016 წელს უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის დათხოვნის გადაწყვეტილებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი, „ვინაიდან შოკინი კორუფციას არ ებრძოდა“. თავად შოკინი ამტკიცებს, რომ იძიებდა ნავთობისა და გაზის კომპანიის Bურისმა-ს საქმიანობას, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრიც ბაიდენის ვაჟი ჰანთერ ბაიდენი იყო. მოგვიანებით ეს საქმე დაიხურა.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ტრამპის პირადმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელებას სთხოვდა - ოღონდ არა ჰანთერ ბაიდენის, არამედ ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის შესაძლო ჩარევის საქმეზე.
რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal-ი წერდა, რომ 25 ივლისის სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ კორუფციის მუხლით გამოძიების გაგრძელება სულ მცირე რვაჯერ სთხოვა. სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება გამოიძიებს კორუფციულ საქმეებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას აფერხებდა“.
ჯო ბაიდენმა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნება მოითხოვა, „რათა ამერიკელმა ხალხმა საკუთარი დასკვნების გაკეთება შეძლოს“.