ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ და მოთხოვნების შესრულებამდე, მაღაროებში სამუშაოდ ჩასვლას არ აპირებენ. მაღაროელები დამსაქმებელ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას ხელფასების გაზრდას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას სთხოვენ. ამ დროისთვის, გაურკვეველია კომპანია მუშების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს თუ არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, მაღაროელების პრობლემების შესწავლის მიზნით, საპარლამენტო-სამთავრობო კომისია შეიქმნება. 7 მაღაროს 3 700-მდე მუშა 15 ოქტომბერს გაიფიცა და მათთან მოლაპარაკებებს პარლამენტის წევრებიც აწარმოებენ, თუმცა, უშედეგოდ. ჭიათურაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, for.ge ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, უმრავლესობის წევრს, მალხაზ წერეთელს ესაუბრა:
ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია?
- ძალზედ დაძაბული ვითარებაა, რადგან ეს პროცესი დროში გაიწელა. მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნები კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი ითხოვენ - ხელფასების გაზრდას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. პრობლემას ხელფასების ზრდის საკითხი წარმოადგენს, რადგან სხვა მოთხოვნებზე კომპანია წამომსვლელია. ხელფასებთან მიმართებაში კი, მაღაროს თანამშრომლების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ზრდა 100 პროცენტით მოხდეს, რასაც კომპანია არ თანხმდება. გუშინ კი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემელაძემ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები 9 საათის განმავლობაში აწარმოა და თითქოს იმას მივაღწიეთ, რომ მუშები ხელფასების 50-60 პროცენტიან ზრდას დათანხმდნენ და იმის პერპექტივა გაჩნდა, რომ კომპანიასთან ამით ვაჭრობა დაგვეწყო. მაგრამ დღეს, დამირეკეს და მითხრეს, რომ მუშები ხელფასების 80 პროცენტიან ზრდას ითხოვენ და დარწმუნებული ვარ, კომპანია ამაზე წამომსვლელი არ იქნება.
მაღაროს თანამშრომლების ხელფასების მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი რამდენია?
- ხელზე ასაღები მინიმუმი თანხა - 200 ლარია, ხოლო მაქსიმუმი 800 ლარი. მუშები უმძიმეს სოციალურ-ჰიგიენურ პირობებში იმყოფებიან და 800 ლარიანი ხელფასი მიზერულია, რადგან მუშები ნახევარ ჯანმრთელობას იქ ტოვებენ.
რაიმე სხვა პრივილეგიებით სარგებლობენ?
- მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მათ ჯანმრთელობის დაცვის პოლისები მისცეს, მაგრამ ესეც გაუგებარი ფორმულირებით არის წარმოდგენილი. კერძოდ, თუ ადამიანმა რაიმე ტრამვა საწარმოში მიიღო, მაშინ მას ხარჯები აუნაზღაურდება, თუმცა, თუ მას ჯანმრთელობის პრობლემა საწარმოს გარეთ შეექმნება, მაშინ ხარჯები არ დაიფარება. მართალია, მაღაროს თანამშრომლების ოჯახის წვერები დაზღვეულები არიან, მაგრამ მაღაროში დასაქმებულებმა, რა დააშავეს?!
დღე-ღამის განმავლობაში რამდენი საათი მუშაობენ?
- ცვლაში 7 საათი მუშაობენ, მაგრამ ვინაიდან, ექვსკილომეტრიან გვირაბებში გადიან, მათ უკან გამოსვლისთვის დამატებითი დრო სჭირდებათ.
როგორც ვიცი, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს „ტაოპრივანტბანკში“ იღებენ და მათ ამავე ბანკში საკრედიტო ბარათებიც აქვთ გახსნილი. ვინაიდან, ამჟამად გაფიცულები არიან, საბანკო კუთხით, პრობლემები შეექმნათ?
- დიახ. ზოგიერთი მუშა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საბანკო ვალები აქვთ და პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე მაღაროს თანამშრომელს დღეს მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ როგორც ვიცი გადაიფიქრეს. ჭიათურაში დღეს ჩავალ და ყველაფერს გავარკვევ. რაც შეეხება საბანკო პრობლემებს, იქ არის „ტაოპრივატბანკი“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ შექმნილია. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასებს ამ ბანკში იღებდნენ, მაგრამ თუ საკრედიტო ხაზს არ გახსნიდნენ, სახელფასო ბარათს არ მისცემდნენ, რაც ფაქტიურად იძულებითი პროცესი იყო. საკრედიტო ბარათის წლიური პროცენტი კი - 36 იყო. ამჟამად, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა მუშებს ჰპირდება, რომ ეს 36 პროცენტი 21 პროცენტამდე დაიწევს, რაც მაინც მაღალია. ამასთან, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს კომპანია, საქართველოში 2007 წლის 1-ლ იანვარს შემოვიდა, წარმოიდგინეთ საბანკო სისტემის მხრივ, მაღაროელები რა კაბალურ პირობებში იმყოფებოდნენ.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედვათ და მაღაროელების პრობლემებზე, პარლამენტი რა რეაგირებას მოახდენს?
- აღნიშნული საქმის კურსშია - პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მაღაროს თანამშრომლების პრობლემების შესწავლის მიზნით, აუცილებელად, საპარლამენტო კომისია ან სამთავრობო-საპარლამენტო კომისია შეიქმნება. ან კიდევ, აუდიტის სამსახური ფინანსურ მხარეს შეისწავლის და შემდეგ, ამ საკითხში, სხვადასხვა სფეროს ჩართულობა მოხდება. კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან მუშები აცხადებენ, რომ თუ დაინახავენ, რომ კომისია მუშაობს, მაშინ ისინი სხვა ნაბიჯებს გადადგამენ. ფაქტია, რომ პრობლემის ღრმა შესწავლა მოხდება.
თუ გადაიხედება იმ ვალდებულებების შესრულების საკითხი, რომელიც კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს აღებული?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ვალდებულებების არ შესრულება, უკვე სახეზეა. ჭიათურის საკრებულოს წევრი ვიყავი და „ჯორჯიან მანგანეზმა“ რა გზა გაიარა ძალიან კარგად ვიცი. პირველ-ორ წელიწადს, კომპანიის მიერ, ხელფასების მატება მიმდინარეობდა და მუშების მიმართ დამოკიდებულება სხვა იყო. მაღაროს თანამშრომლების პრობლემების გარდა, აღსანიშნავია 14 სოფლის მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფა, რადგან რეკულტივაცია, ანუ ნიადაგის აღდგენა მანგანეცის მოპოვების შემდეგ არ ხდება და ეს სოფლები დასაღუპად არის განწირული. მაგალითად, ადამიანი მაღაროდან ამოდის, მაგრამ მას თავის სოფელში არც საძოვარი აქვს, არც სათესი და სახლიც თავზე ენგრევა.