პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმალებოდა, აშშ-ში ჩაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პაკისტანის მთავრობა გულალაი ისმაილს ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებსა და ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს. აქტივისტის წინააღმდეგ 6 საქმეა აღძრული. მთავრობამ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
32 წლის ქალი რამდენიმე თვე იმალებოდა და პაკისტანის დატოვება ფარულად მოახერხა. ნიუ-იორკში ის თავის დასთან ცხოვრობს და აშშ-ის მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
ისმაილი პაკისტანის მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო წლების განმავლობაში აკრიტიკებდა, განსაკუთრებით ქალების და გოგოების მიმართ. 2018 წელს მან მხარი დაუჭირა ქალებს, რომლებიც ჯარისკაცებს ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ხელისუფლების ყურადღება მან სწორედ ამის შემდეგ მიიპყრო. სხვადასხვა ბრალდებით უფლებადამცველი ორჯერ დააკავეს.