ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაანადგურებს, - ამის შესახებ ტელემიმართვაში ლიბანური ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
„არ იფიქროთ ირანთან ომზე, იმიტომ რომ ისინი გაგანადგურებენ. თქვენი სახლები შუშისგანაა დამზადებული, თქვენი ეკონომიკაც შუშისაა - როგორც სახლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ნასრალამ.
მან ასევე არაბულ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესების ნაცვლად იემენში მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაავალა. ამის შესახებ უცხოური მედია ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ირანს შორის მორიგ დაპირისპირებას, რომელიც საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმის საკითხმა გამოიწვია. საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში აშშ ირანს ადანაშაულებს, თუმცა თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.
აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა.