რუმინეთის ექსპრეზიდენტი კომუნისტური პოლიციის ინფორმატორი იყო

რუმინეთის ექსპრეზიდენტი კომუნისტური პოლიციის ინფორმატორი იყო

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის ინფორმატორად მუშაობდა. გამოცემა Balkan Insight-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა.

სასამართლოში გამოძიების შედეგები საიდუმლო არქივების შემსწავლელმა ეროვნულმა საბჭომ (CNSAS) წარადგინა. ბესესკუ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

CNSAS-მა გამოძიება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, რათა გაერკვია, თანამშრომლობდა თუ არა ბესესკუ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ საიდუმლო პოლიცია „სეკურიტატესთან“.

რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, „სეკურიტატემ“ ბესესკუ 1972 წელს გადაიბირა, როდესაც ის სამხედრო საზღვაო ფლოტის კურსანტი იყო. მისი ფაილი 1979 წელს განადგურდა, მას შემდეგ რაც ბესესკუ მმართველ კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. თუმცა CNSAS-მა აღმოაჩინა ბესესკუს მიერ გაკეთებული ჩანაწერები, რომელთა თანახმადაც ბესესკუ „სეკურიტატეს“ ნაცნობი უცხოელებისა და საუნივერსიტეტო ნაცნობების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, მისი კოდური სახელი კი „პეტროვი“ იყო.

გამოძიების პერიოდში ბესესკუ ბრალს უარყოფდა და CNSAS-ის დასკვნებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.

ტრაიან ბესესკუ რუმინეთის პრეზიდენტის პოსტს 2004-2014 წლებში იკავებდა.