აშშ ნავთობტერმინალბზე თავდასხმისგან გამოწვეული შედეგების გამო საუდის არაბეთში ჯარს გაგზავნის. იტყობინება BBC ქვეყნის თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით.
მარკ ესპერის თქმით, გადაწყვეტილება თავდაცვით ხასიათს ატარებს და ჯერ არ არის გადაწყვტილი, რა რაოდენობის შეიარაღებულ ძალებს გაგზავნის აშშ საუდის არაბეთში.
„საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა დახმარება მოითხოვეს. ჩვენი სამხედროები საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაზე იქნებიან ფოკუსირებულნი. აშშ დააჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ესპერმა.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.
აშშ კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები დაუწესა.
თეირანი ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.
18 სექტემბერს საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა. ამის საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა არაფერი იცის ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაზე.