საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველებმა პოლიტპატიმრების 119–კაციანი სია შეადგინეს და ამ ადამიანების განთავისუფლებას, ან მათი საქმეების სასამართლოს გზით გადახედვას ითხოვენ. ამ სიაში მოხვედრილები არიან ზაალ ჟვანია და მისი ორი ვაჟი, ლუარსაბი და გიორგი, რომელთაგან ამჟამად გიორგი ჟვანიას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მისი ძმა ლუარსაბი და მამა, ზაალ ჟვანია კი ისევ ციხეში ზიან.
ჟვანიების ოჯახის დევნასა და შევიწროვებაზე for.ge-ს ზაალ ჟვანიას ქალიშვილი, ელენე ჟვანია ესაუბრება.
ელენე ჟვანია: მამაჩემი არის ბიზნესმენი, კომპანია „კავკაზტრანსექსპედიტორის“ დამფუძნებელი და საქართველოში ბენზინის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი იყო. მას ურთერთობა ჰქონდა „საქნავთობპროდუქტებთან“, რომლისგანაც გარკვეული ოდენობით ბენზინი შეიძინა. თანხის ნაწილი დაფარა, პროდუქციის ნაწილი კი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თავდებობით მესამე პირს გადაეცა. რა თქმა უნდა, ეს თანხა მამამ ვერ მიიღო და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაიწყო სასამართლო დავა. სასამართლომ დავალიანებისა და მიყენებული ზარალის გათვალისწინებით მამას სასარგებლოდ რუსთავის მეტალურგიულს 3 მილიონ 800 ათასი დოლარი დააკისრა. ეს ყველაფერი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხდებოდა და თავად პრეზიდენტისა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნების ჩარევით მოხდა ისე, რომ ოღონდაც მამაჩემს რუსთავის მეტალურგიულისთვის თავი დაენებებინა და ამ დავალიანების გადახდა საგადასახადოს დააკისრეს. მიუხედავად ამისა, ამ თანხის ამოღება თავად ხელისუფლების მიერ იბლოკებოდა. 2003 წელს მამამ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როდესაც პრეზიდენტად სააკაშვილი მოვიდა, მან სახელმწიფო კანცელარიაში რაღაც გამჭვირვალე ყუთები დადგა და მოსახლეობას უთხრა მოგვმართეთო. მიმართა მამამ, რადგან მას „საქნავთობპროდუქტის“ ვალი ჰქონდა და თუ რუსთავის მეტალურგიულისგან ფულს ვერ ამოიღებდა, ეს ვალიც გასასტუმრებელი რჩებოდა. ამის შემდეგ მოსთხოვეს ამ ფირმის დათმობა და დაიწყო ჩვენი დევნა.
ანუ მამათქვენის ფირმით დაინტერესება იმის შემდეგ მოხდა, რაც მან პრეზიდენტს დახმარებისთვის მიმართა?
- დიახ, სწორედ ამის შემდეგ მოხდა დაინტერესება. რაც მთავარია, მამაჩემი ნებისმიერი მიტინგის აქტიური მონაწილე იყო, ჩემი ძმა, გიორგი კი იყო მოძრაობა „7 ნოემბერი“-ს დამფუძნებლების, ჯაბა ჯიშკარიანის, გიორგი ალხაზიშვილის და სხვების მეგობარი და ჩემი ორივე ძმა ყველა საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ, სოლიდური ოდენობის ხალხს აგროვებდნენ და ა.შ. მოკლედ, ამ პოლიტიკურ ნიადაგზე დაიჭირეს მამაც და ჩემი ძმებიც, დაგვიყადაღეს სახლი და ყველანაირად გაგვანადგურეს.
ფაქტობრივად გადავრჩით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, თორემ ჩვენს ოჯახს რა ეშველებოდა, უბრალოდ არ ვიცით.
როდის დაიჭირეს მამა?
- 2009 წლის მაისის აქციები რომ იმართებოდა, აქციიდან სახლში დაბრუნდა და დაიჭირეს. მეორედ კი ბრალი უკვე ციხეში ჯდომის პერიოდში წაუყენეს. სტრასბურგში გავგზავნეთ საჩივარი და ამის გამო დაგვსაჯეს. თავიდან მამაჩემი თაღლითობის და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს, ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს ის თანხა (3 800 000 დოლარი) გაყალბებით დააკისრა რუსთავის მეტალურგიულს. პირდაპირ გეყვით, მისგან ითხოვდნენ, რომ თავისი ფირმა დაეთმო, ან ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაედო ხელი, კაკო სვანიძის, ნუგზარ შევარდნაძის, მინდია უგრეხელიძისთვის, ანუ იმათთვის, ვინც უკვე აღარ აწყობდათ, თითქოს ამ ადამიანებთან ერთად გააყალბა საბუთები. ამათთვის რომ ხელი დაედო, მამას საპროცესოთი უშვებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილების დაჭერით დაემუქრნენ. მამამ ამას ხელი არ მოაწერა და ჯამში 60 წლის მძიმე დაავადებულ ადამიანს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მამას ორჯერ ჰქონდა ინფარქტი გადატანილი, გულის უკანა კედელი ფაქტიურად ჩამოშლილი აქვს, შაქრიანი დიაბეტი აქვს და ა.შ. იმდენი რამ აწუხებს, რომ აქამდეც, ალბათ, ღმერთი აძლებინებს, თორემ მაგის ნახევარი პრობლემებით არიან ადამიანები, დილით რომ ვერ იღვიძებენ. ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს გლდანის ციხიდან და ორთაჭალის სამკურნალო დაწესებულებიდან ცხვირი არ გამოაყოფინეს.
მეორედ რა ბრალდება წაუყენეს ციხეში ყოფნის დროს?
- ბრალად წაუყენეს, თითქოს ტელეფონით სარგებლობა და ამ მოტივით ვიღაცისთვის ქრთამის მიცემა სურდა. სურვილების გამო რვაწელიწადნახევარი მიუსაჯეს მხოლოდ იმის გამო, რომ მასთან ერთად საკანში იჯდა ბლიაძე, რომელზეც მამასგან ითხოვდნენ, რომ ჯაშუშობა დაებრალებინა. აქვე გეტყვით, რომ პავლე ბლიაძეც პოლიტპატიმარია. როდესაც იმ პირებს არ დაადო ხელი მამამ, ვისზეც თავიდან ითხოვდნენ, ამის შემდეგ აიძულებდნენ ბლიაძისთვის ჯაშუშობა დაებრალებინა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაჩემი და ბლიაძე ორთაჭალის პირველ საპყრობილეში, გადატვირთულ საკანში ისხდნენ. ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახი გამოანთავისუფლა, გაარემონტა და იქ სამი ადამიანი გადაიყვანა. ერთი იყო რამაზ ჭიკაიძე, მამაჩემი და პავლე ბლიაძე, რომლებიც პოლიტპატიმრები იყვნენ. რამაზ ჭიკაიძე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩანერგილი აგენტი იყო. ამ ოთახში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა იყო დამონტაჟებული და მიუხედავად ამისა, მამაჩემისა და ბლიაძის მაკომპრომეტირებელი ვერც ერთი სიტყვა ვერ ჩაწერეს.
თავიდან ამ ოთახში ტელეფონი შეიტანეს და მამაჩემმა გაატანინა, რადგან იცოდა, რომ ეს მას პრობლემებს შეუმქნიდა.
ამდენად, მას ბრალად წაუყენეს, რომ ტელეფონით სარგებლობა და ვიღაცისთვის ქრთამის მიცემა სურდა?
- დიახ, სწორედ ასეა, სურვილების გამო უკვე ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. ჩვენს სასამართლოებს ესწრებოდნენ ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და სხვა უფლებადამცველები. ამ პროცესიდან გამოსული ნანა კაკაბაძე ტიროდა, ინკვიზიციური პროცესი იყოო. მეორე დღეს „ობიექტივში“ ერსაათიანი გადაცემა მამაჩემის საქმეს მიუძღვნა. აუცილებლად მინდა თქვენი მედია-საშუალების მეშვეობით ქალბატონ ნანას და ბატონ გელა ნიკოლაიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენ აღმოგვიჩინეს.
შოკისმომგვრელი სიტუაცია იყო, რადგან მამაჩემის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებაც კი არ ჰქონდათ. მამაჩემს ბლიაძისთვის რომ ჯაშუშობა დაებრალებინა, წინა ბრალდებასაც მოუხსნიდნენ და საერთოდ სახლში უშვებდნენ, ასეთი შეთავაზებაც ჰქონდა მას, მაგრამ ეს ბლიაძე მამას ღამეებს უთენებდა, რადგან მამაჩემი ავადმყოფი კაცია და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ექიმი სჭირდებოდა, რისი მოწმეც მთელი ციხეა. შემდეგ ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ საერთოდ მამაჩემის მოკვლა უნდოდათ, დააბრალებდნენ ბლიაძეს და ის ჭიკაიძეც ბლიაძეს დაადებდა ხელს, უბრალოდ, ამ კაცის გულმოდგინებამ გადაგვარჩინა. ბოლოს პავლე ბლიაძეც ეხვეწებოდა მამაჩემს, მე მაინც არაფერი მეშველება და შენ მაინც უშველე თავს, ხელი დამადეო, მაგრამ მამამ რა თქმა უნდა, ეს არ გააკეთა.
იმის გამო, რომ ბლიაძესთან დაკავშირებითაც ვერაფერზე დაიყოლიეს, მამაჩემი საშინელ პირობებში მოათავსეს. ორთაჭალიდან გლდანში გადაიყვანეს, მოათავსეს სამარტოო საკანში, არა წამლები, არა საკვები (დიაბეტიან ადამიანს), საკანში შუქი 24 საათის განმავლობაში ენთო, გარედან ბადრაგები დასცინოდნენ - აბა დღეს ჟვანიას ვაჭამოთ, თუ არაო და დღეები ისე გადიოდა, რომ საერთოდ საკვებსაც არ აძლევდნენ. ბოლოს ავაწრიალეთ ყველაფერი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებიც შევიყვანეთ მასთან და 28-ე დღეს ჩვეულებრივ საკანში გადაიყვანეს, რადგან მიხვდნენ, რომ არ ვჩერდებოდით. დარწმუნებული ვარ, რომ გავჩერებულიყავით, მოკლავდნენ. მიუხედავად ამხელა წნეხისა მაინც რომ არ დაადო ხელი ბლიაძეს, მამაჩემს რაღაც ნემსებს უკეთებდნენ, ვითომ წნევის დამწევი წამალი იყო. ჩვენი ადვოკატი შორენა ხორბალაძე მიუხედავად ჩხუბისა და საშინელი შეურაცხყოფისა, რაც მის მიმართ ციხეში მამაჩემთან შესვლის გამო ხორციელდებოდა, ყოველ კვირას და ხან კვირაში ორჯერაც შედიოდა ციხეში. ბოლოს მას თავად ციხის თანამშრომლებმა უთხრეს, ამ კაცს რაღაც ნემსს უკეთებენ და თუ არ გინდათ, რომ მოკვდეს, დროზე უშველეთ, თორემ ორი ნემსიც რომ გაუკეთონ, ვეღარ გადარჩებაო.
რაც შეეხება თქვენს ძმებს, მათი დაპატიმრება რა მოტივით მოხდა?
- ჯერ გეტყვით იმას, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა „საქნავთობპროდუქტების“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა დეპუტატმა ონერ ბაზიარმა, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე მამაჩემს სახელმწიფოს წინააღმდეგ დიდი მზაკვრული გეგმები ჰქონდა. მოკლედ მამაჩემი ორივეჯერ ჩანაფიქრების გამო გაასამართლეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე რუსთავის მეტალურგიულის ხელმძღვანელი მოვიდა და განაცხადა, რომ მას მართლაც ჰქონდა მამასთვის ფული მისაცემი, უბრალოდ იგი თანხის ოდენობაზე დავობდა. ალბათ ფიქრობდნენ, რომ 17 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით ყველა საბუთი არ ექნებოდა, მაგრამ მამაჩემს ყველაფერი შენახული ჰქონდა და ვინაიდან ვერაფერი დაუმტკიცეს, მოსამართლე დალი მეტრეველი, ეს ცივსისხლიანი ადამიანი უკვე თვითონ იხვეწებოდა - ოღონდაც ამ ადამიანს ნუ დამაჭერინებთ, საპროცესო მაინც გაუფორმეთო.
რაც შეეხება ჩემის ძმების დაჭერას, ჩვენი დელისთან ვცხოვრობთ და ჩვენს სახლთან ახლოს არის პოკერ-კლუბი. დილის 11 საათზე ამ პოკერ-კლუბის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა და მისმა მეგობარმა დაუძახეს ჩემს ძმას, ლუარსაბს, ჩამოიყვანეს სახლიდან და დაუწყეს საქმის გარჩევა. უმოწყალოდ სცემეს ჩემს ძმას და შევარდნენ ამ პოკერ-კლუბში. ჩემი ძმა შეყვა მათ და იქვე დაგდებული რაღაც ჯოხი შეიყოლა, იქ სათამაშო აპარატებს დაარტყა ჯოხი და უთხრა ამათ, გარეთ გასულიყვნენ. მეტი იქ არაფერი მომხდარა და სასამართლოზე იმ პოკერ-კლუბის სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალაც კი არ გამოაჩინეს, რადგან ჩემი ძმის საწინააღმდეგო იქ არაფერი იყო აღბეჭდილი. ჩემს ძმას თვითონ ორი კბილი ჰქონდა ჩამომტვრეული და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაზარალებულიც არ არსებობდა, ხულიგნობის მუხლით 7,5 წელი მიუსაჯეს და ოთხიათასლარიანი ჯარიმაც დააკისრეს.
მეორე ძმა რაზე დაიჭირეს?
- მეორე ძმა, გიორგიც ამ საქმეზე დაიჭირეს, თითქოს ეს ჯგუფური ხულიგნობა იყო, თითქოს მათ ერთად ჰქონდათ ჩაფიქრებული ამ ხულიგნობის ჩადენა. ანუ, ფაქტობრივად სულ ჩანაფიქრების გამო გვყავს ოჯახის წევრები დაპატიმრებული. აღსანიშნავია, რომ გიორგი სასამართლო დარბაზიდან აიყვანეს. ჩემი ძმა ლუარსაბი კი მკვლელთან ერთად გაასამართლეს.
რას გულისხმობთ?
- თუ გახსოვთ, ორი წლის წინ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე გიორგი ტრაპაიძე მოკლეს. გიორგი ტრაპაიძე და მიშა ჟვანია იყვნენ მეგობრები. ისინი კავსაძის ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ჩემს ძმას, ლუარსაბს, რომელიც მამიდაჩემისგან მოდიოდა. ტრაპაიძეს და ჟვანიას რაღაც ძველ კონფლიქტთან დაკავშირებით ჰქონდათ სასაუბრო და სთხოვეს ჩემს ძმას ცოტა ხანი გვერდით გამდგარიყო. იმ დღეს წვიმდა და ჩემი ძმა იქვე არკაში შევიდა და ელოდებოდა, ისინი საუბარს როდის დაამთავრებდნენ. ამ დროს გიორგი ტრაპაიძესა და მიშა ჟვანიას შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ჟვანიამ (რომელიც ყოფილი პოლიციელი იყო) იარაღიდან გაისროლა მიწის მიმართულებით. მიწიდან ასხლეტილი ტყვია ტრაპაიძეს მოხვდა და იგი დაიღუპა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი სისხლისგან დაიცალა და დროზე რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში, გადარჩებოდა. რაც მთავარია, ჩემმა ძმამ გასროლის ხმა რომ გაიგო, იქიდან საერთოდ წავიდა და საღამოს ტელევიზიის მეშვეობით გაიგო, რომ ტრაპაიძე მოკლული იყო. აღსანიშნავია, რომ მიშა ჟვანია მაშინვე ჩაბარდა პოლიციას და აღიარებითი ჩვენებაც მისცა, რომ ტრაპაიძესთან ჩხუბი მოუვიდა და შემოაკვდა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც ჩანს, ჩემი ძმის მკვლელობაში თანამომაწილეობისთვის გასამართლება უნდოდათ, მაგრამ ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება წაუყენეს, თუმცა მამიდაჩემი რომ სოსო თოფურიძესთან კაბინეტში არ შევარდნილიყო და ერთი ამბავი არ აგვეტეხა, ალბათ, მართლაც მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის გასამართლდებოდა.
ჩემი ძმა დასაკითხად რომ დაიბარეს, მას მამიდაჩემიც გაჰყვა და მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა შენობაში შეიყვანეს, რამდენიმე წუთში მამიდაჩემს დაურეკეს და დაუწყეს ჩხუბი, თქვენი ძმის შვილი სად არისო და დააბრალეს ჩემს ძმას, თითქოს ის სამმართველოდან გაიქცა. სინამდვილეში, როდესაც ჩემმა ძმამ ჩვენება დაწერა, მას ხელი გამომძიებელმა და ადვოკატმაც მოაწერეს, შემდეგ გამომძიებელმა უთხრა ჩემს ძმას, რომ გავიდოდა და ვიღაცასთან შეათანხმებდა ამ ჩვენებას. ჩემი ძმის ადვოკატი სიგარეტის საყიდლად ჩავიდა და ჩემი ძმაც გაჰყვა მას და სწორედ ეს იყო თურმე სამმართველოდან გაქცევა. წარმოგიდგენიათ, სამმართველოს მერვე სართულიდან მათ რომ კაცი გაექცევათ? როგორც ჩანს, ჩემი ძმის საწინააღმდეგოდ ხელჩასაჭიდი რომ არაფერი ჰქონდათ, უნდოდათ ამ გაქცევით მისთვის ბრალი დაემძიმებინათ.
ამის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემს ძმაზე, ლუარსაბზე უთქვამთ, თუ არ დაგემორჩილათ, ადგილზე ლიკვიდაცია მოახდინეთო. ადვოკატი გადაირია, თავის ფეხით მოვიდა ადამიანი და გბარდებათ და რა ლიკვიდაციაზე და დაუმორჩილებლობაზე საუბრობთო. მოკლედ საქმე იქამდე მივიდა, რომ სანამ ჩემს ძმას მივიყვანდით ისევ პოლიციაში, მამიდაჩემი და მე დავრბოდით და ვითხოვდით, რომ ჩაგვებარებინა ჩემი ძმა, ოღონდაც არ მოეკლათ. მამიდაჩემი თოფურიძეს ეჯდა კაბინეტში და ეხვეწებოდა, რომ მისი ძმისშვილი არ მოეკლათ, მე კიდე „მასტერას“ და ვიღაცეებს ვხვდებოდი იგივე თხოვნით და ნუ მოკლედ გაუგონარ მდგომარეობაში ვიყავით.
აღსანიშნავია, რომ სანამ დაიჭერდნენ, სამჯერ სხვადასხვა დროს ე.წ. „ზასადა“ მოუწყვეს, ხან წამლის ჩადება უნდოდათ, ხან რა და ხან რა. ერთხელ ნარკოლოგიურშიც წაიყვანეს და იქაური თანამშრომლისთვის უთქვამთ, გააფორმეთო, მაგრამ იმ ქალბატონს (ასაკიანი ქალბატონი ყოფილა) უთქვამს - ასეთი სუფთა კაი ხანია არავინ მინახავს და როგორ გავაფორმოო. მოკლედ ღვთისნიერი ადამიანებიც შეგვხვედრიან.
ამდენად, ეს ყველაფერი თქვენი მამის ამბიდან დაიწყო?
- დიახ, ამასთანავე, როგორც გითხარით, ჩემი ძმები საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ჩემს ძმებს ცხოვრებაში საგზაო ჯარიმების გარდა დარღვევა არ ჰქონიათ, მაგრამ მაინც მოახერხეს ისე, რომ ორივე დაიჭირეს. მამაჩემიც და ჩემი ძმებიც გლდანის ციხეში ისხდნენ და მათთან ყოველ დღე შედიოდა ხან ადვოკატი, ხან მოძღვარი, ჩვენი პატიმრები ერთი დღეც კი არ დაგვიტოვებია, რადგან ვიცოდით, ციხეებში რაც ხდებოდა და ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით, ჩვენი ოჯახის წევრები უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოსამართლე ყველანაირად ცდილობდა ჩემი ძმები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლე სანდოძემ ჩემს ძმას, გიორგის კითხა - აღიარებო, რომ შენი და შენმა ძმამ დაგეგმთ პოკერ-კლუბში შევარდნა და იქ ადამიანების ცემაო? წარმოგიდგენიათ, რამხელა სიბინძურეა, გიორგის რომ ეს ეღიარებინა, მას საპროცესოში გამოუშვებდნენ, მაგრამ ამით ლუარსაბს უმძიმებდნენ ბრალს და სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა მოსამართლე. რა თქმა უნდა, მას ეს არ გამოუვიდა და როგორც კი გიორგიმ ამაზე უარი თქვა, მას იქვე დაადეს ხელბორკილები, ქამარი მოაძრეს და სასამართლო დარბაზიდანვე აიყვანეს. ამას რომ ჩვენი თანხმლები პირების პროტესტი მოჰყვა, ჩემს დეიდაშვილს და ჩემი ძმების მეგობარს სასამართლოს შენობაშივე სასტიკად სცემეს. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, გიორგის ორი წელი მიუსაჯეს, რაც მან უკვე მოიხადა და ამჟამად თავისუფალია. მამაჩემი და მეორე ძმა, ლუარსაბი კი დღესაც ციხეში არიან.
ახლა ვინაიდან ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, იმედი გვაქვს, რომ ისინიც მალე დატოვებენ საპყრობილეს.