საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი საბანკო სესხზეა დამოკიდებული. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, სესხი გამოკითხულთა 54%-ს აქვს, საიდანაც 68% საბანკოა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია და ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ენდიაის“ კვლევების მიმართ სანდოობა ყოველთვის ძალიან დაბალია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელსაც სპეციალისტები და ბიზნესმენებიც კი ეთანხმებიან.
სხვადასხვა მთავრობის ინიციატივამ ჯერჯერობით ვერავითარი შედეგი ვერ მოიტანა, მოსახლეობის უკმაყოფილება მუდმივად მზარდია. ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა საკმაოდ კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას, კრედიტებზე დამოკიდებულების მხრივ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა საკმაოდ მიახლოებულია არსებულ რეალობასთან. იმ ქვეყნებში, სადაც საბანკო ვალდებულებებით ცხოვრება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ეს დიდი პრობლემა არ არის. მსესხებელს აქვს მატერიალური რესურსი იმისათვის, რომ დაფაროს სესხი და არ შეიზღუდოს თავისი ცხოვრების პირობები. საქართველოში, სამწუხაროდ, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. მოსახლეობის შემოსავალი სისტემატურად მცირდება იმის გამო, რომ ინფლაციის დონე მატულობს. ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგი“, - აღნიშნა თვალჭრელიძემ.
ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას აფასებენ ბიზნესმენებიც. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ ცუდ ეკონომიკურ სიტუაციაზე ხელისუფლებამ პასუხი უკვე აგო, რაც მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლაში გამოიხატა. დღეს კი ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
„გიორგი გახარიას პირადად ვიცნობ და იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ვითარება გამოსწორდება და უკეთესობისკენ წავა. რაც შეეხება იმას, თუ რისი და ვისი ბრალია შექმნილი სიტუაცია? - პირველ რიგში იმის, რომ ხალხს ფული არ აქვს, ყველა გაჭირვებულია. კაცმა რაღაც საქმე რომ დაიწყოს, ამის საშუალება, ფაქტობრივად, არ არის. დღეს ქვეყანაში ფულზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა. 100 000 დოლარი რომ გჭირდებოდეს ბიზნესის დასაწყებად, არავინ მოგცემს, თუ 500 000 დოლარის გირაოს მაინც არ დატოვებ. ეს ხომ კოშმარია? სწორედ კომერციული ბანკებია შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების“, -აცხადებს „კომერსანტთან“ გურჩიანი.
მოსახლეობის კეთილდღეობის შემაფერხებელ ფაქტორად გურჩიანი სათამაშო ბიზნესს ასახელებს. მისი აზრით, იგი მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„ქართველები ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში. ჰგონიათ, რომ გაასამმაგებენ მოგებას, მაგრამ ასე არ ხდება. იმიტომ არის, რომ დაიღუპა მთელი საქართველო. მე რომ ვიყო სახელმწიფოს მეთაური, ერთი ხელის მოსმით, ერთი ბრძანებით ავკრძალავდი ქართული პირადობის მოწმობით კაზინოში და ტოტალიზატორში შესვლას. გამოთავისუფლებული ფული საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. დღეს ტოტალიზატორის ფული საზღვარგარეთ გადის იმიტომ, რომ მათ უმეტესობას უცხოელი მფლობელი ჰყავს. ეს არხი დასაკეტია“, - აცხადებს გურჩიანი.