აშშ აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია ის ადგილები, საიდანაც ირანმა საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ლოკაციები საიდანაც თავდასხმა განხორციელდა ირანის სამხრეთით მდებარეობს და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის მონაწილეობის დასტურის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.
ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50% შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა. 16 სექტემბერს აშშ-ის დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა.