მერკელმა საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგო არ გაუუქმა

მერკელმა საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგო არ გაუუქმა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს გაუქმების შესახებ თანაპარტიელების მოწოდებას მხარი არ დაუჭირა და ემბარგო ძალაში დატოვა. ამის შესახებ მერკელმა იორდანიის მეფესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Yahoo News-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ მთავრობამ პოზიცია შეიცვალოს", - განაცხადა ანგელა მერკელმა. მერკელმა დასძინა, რომ გერმანიის ეს პოზიცია იემენის კონფლიქტით არის განპირობებული, რომელსაც დიპლომატიური გადაწყვეტა სჭირდება. მერკელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისთვის ემბარგოს დაწესებაზე გადაწყვეტილება ამ კონფლიქტში ოფიციალური ერ-რიადის ჩართულობის გამო მიიღო.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ, გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენლები საუდის არაბეთისთვის იარაღის შესყიდვაზე დაწესებული ემბარგოს მოხსნის ინიციატივით გამოვიდნენ.

საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის მონაწილეობის დასტურის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.

ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50% შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა. 16 სექტემბერს აშშ-ის დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა.